ზიმბაბვეს პრეზიდენტის გზა შინაპატიმრობამდე - აფრიკელი ცოლ-ქმრის კლანი

ზიმბაბვეს პრეზიდენტის გზა შინაპატიმრობამდე - აფრიკელი ცოლ-ქმრის კლანი

მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე შინაპატიმრობაში იმყოფება, - 14 ნოემბრის საღამოს, ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში, რამდენიმე დასახელების სამხედრო ტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორი შევიდა. თავდაპირველად, ქალაქში სამი აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი, სახელმწიფო ტელევიზიას დაესხნენ თავს. 15 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააპატიმრეს ფინანსთა მინისტრი, 93 წლის პრეზიდენტს, რობერტ მუგაბეს კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ლიდერია, შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

რა ხდება ზიმბაბვეში

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს, სახელმწიფო ტელეკომპანიას სამხედროები დაესხნენ, ზიმბაბვეს მოსახლეობამ ტელევიზიით იხილა სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი, რომელიც ხალხს არწმუნებდა, რომ "მისი აღმატებულება პრეზიდენტი და მისი ოჯახი უსაფრთხოდ არიან... ჩვენი მიზანია, მისი დამნაშავე გარემოცვის დაკავება, რომელთა დანაშაულებრივმა ქმედებებმა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიეს. ჩვენი სურვილია, ისინი გასამართლდნენ", - განაცხადა სამხედრომ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის სამხედრო პირი გენერალ-მაიორი მოი იყო, ზიმბაბვეს გენერალური შტაბის ზურგის მიმართულების ხელმღვანელი.

ზიმბაბვეს არმია კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს არის გადატრიალება და აცხადებს, რომ ეს "უსისხლო კორექციაა"... ადგილობრივი მედიის თქმით, მუგაბე უკვე მოელაპარაკა სამხედროებს, რათა მისმა მეუღლემ ქვეყანა მშვიდობიანად დატოვოს, თავად კი თანამდებობიდან წასვლის მზადყოფნა გამოთქვა. BBC-ს ინფორმაციით, ზიმბაბვეს უკვე ყოფილი პირველი ლედი გრეისი ნამიბიაში იმყოფება.

ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო - ხელმძღვანელობასა და სამხედროებს შორის კონფლიქტის მიზეზი ზიმბაბვის ვიცე-პრეზიდენტ ემერსონ მნანგაგვას პოსტიდან გადადგომა გახდა, რომელსაც ზემდეტსახელად "ნიანგს" ეძახიან. მის მოვალეობებში შედიოდა თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, იუსტიციის, ციხეებისა და ცენტრალური ბანკების კურატორობა.

ადგილობრივი მედიის ცნობებით, ხელმძღვანელობა აპირებს მნანგაგვა ქვეყნის სათავეში ძალისმიერი მეთოდებით მოსვლაში დაადანაშაულოს. დაუდასტურებელი მონაცემებით, პოსტის დატოვების შემდეგ, ის სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებში აპირებდა წასვლას, რათა მუგაბე იქიდან "ხელისუფლების უზურპაციაში" დაედანაშაულებინა. "ჩვენი პარტია თქვენი და თქვენი მეუღლის საკუთრება არ არის", - აცხადებს მნანგაგვა.

ასევე ცნობილია, რომ მუგაბე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ადგილზე, თავისი მეუღლის გრეისის დანიშვნას აპირებდა, რომელსაც მასთან კონფლიქტი ჰქონდა... გრეის მუგაბე ბოლო ორი წელია, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. თავდაპირველად ის ქალთა უფლებებზე ზრუნავდა, შემდეგ კი, უფრო შორს წავიდა - არაერთი ფრაქცია დააფუძნა, რომელიც არაფორმალურად მისი გავლენის ქვეშ იყო. ასე დაარსდა "ჯგუფი 40", სადაც ის ადამიანები არიან წარმოდგენილი, ვინც რობერტ მუგაბესთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და უკვე 40 წელია მასთან ერთად მართავენ ზიმბაბვეს. მათ "ძველ ელიტას" უწოდებენ...

ერთი სიტყვით, გრეისს პოზიციები უკვე გამყარებული ჰქონდა, თუმცა, მას მოწინააღმდეგებიც ბევრი ჰყავდა. ბოლო ხანებში გრეის მუგაბემ პოზიცია შეცვალა და მხარდამჭერების მოპოვებას ახალ თაობაშიც შეუდგა, - ის თავის ძალაუფლებას იყენებდა, რათა პრეზიდენტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებზე გავლენა მოეხდინა. სამხედროების თქმით კი, ქვეყანას უნდა მართავდნენ ისინი, ვინც "ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბძროლებში" მონაწილეობდა, ასეთია მნანგაგვა. "გრეისმა კი, კარგა ხანია, მათ მიმართ პატივისცემა დაკარგა და "მფლანგველის ცხოვრება" არჩია", - წერს BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

ამ ყველაფრის შემდეგ, ქვეყნიდან გაქცეული მნანგაგვე ზიმბაბვეში დაბრუნებას აპირებს, რათა ქვეყანას უხელმძღვანელოს. გენერალ-მაიორ მოიოს თქმით, ისინი პროცესების მშვიდობიანად დასრულებას აპირებენ, თუმცა, ნებისმიერ პროვოკაციის შემთხვევაში, პასუხი ადეკვატური იქნება.

რობერტ მუგაბეს გზა პრეზიდენტობამდე

რობერტ მუგაბე, 1924 წლის 21 თებერვალს, სამხრეთი როდეზია კუტამეში დაიბადა. ის კათოლიკეა, იეზუიტთა სკოლაში სწავლობდა, სადაც პედაგოგის პროფესიას დაეუფლა... შემდეგ კი სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აქტიურ პოლიტიკაში წავიდა. 1964 წელს, ის ოპოზიციაში ყოფნის გამო, ციხეში აღმოჩნდა და 10-წლიანი სასჯელი მოიხადა. გათავისუფლებულმა მუგაბემ აფრიკული ნაციონალური საბჭო დააფუძნა და ზიმბაბვეს ბრიტანელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლებაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

1980 წელს პარტიზანებმა იარაღი დაყარეს, რადგან დემობილიზებული იყვნენ. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მუგაბეს პარტიამ გაიმარჯვა. მუგაბე პრემიერ-მინისტრი გახდა. სწორედ მაშინ, სამხრეთ რუდეზიას სახელი შეუცვალეს და ზიმბაბვე დაარქვეს. 7 წლის შემდეგ, მუგაბემ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი კანაან ბანანი შეცვალა და პრემიერ-მინისტრის პოსტი გააუქმა. ათი წლის შემდეგ, კანაან ბანანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს და მან ქვეყანა დატოვა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა მუგაბემ, ე.წ. მიწის რეფორმები გაატარა, - მან თეთრკანიან ფერმერებს მიწები ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ჩამოართვა და ადგილობრივ გლეხებს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილე მეომრებსა და სამხედრო ვეტერანებს გადასცა.

2002 წელს მუგაბემ ქვეყნიდან 4 ათასზე მეტი თეთრკანიანი ფერმერი თავისუფლების აღკვეთის მუქარით გააძევა და შედეგად, ევროკავშირის სანქციები "დაიმსახურა"... ის ექვსჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტად არჩეული. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთპარტიული მმართველობა შემოიღო. თუმცა, 2008 წლის არჩევნებში, მუგაბემ პირველ ტურში, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერთან, მორგან ცვინგირაისთან წააგო, თუმცა, ხელისუფლების ზეწოლით, ცვინგირაიმ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა...

შინაპატიმრობაში მყოფ ზიმბაბვეს პრეზიდენტს ახლა ადამიანის უფლებათა დარღვევასა და დიქტატურაში ადანაშაულებენ... ადგილობრივი მედიის თქმით, სამხედროების ძალისხმევით, ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ გახდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"