გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამის მიუხედავად, მასზე სათანადოდ მაინც არ ვზრუნავთ. საქართველოში განსაკუთრებით პრობლემურია გარემოს დაბინძურება ისეთი ნარჩენებით, რომელთა გადამუშავებაც საკმაოდ რთულია. ჩვენგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნები სრულად ბიოდეგრადირებად შეფუთვას იყენებენ, რაც გარემოზე მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ბიოდეგრადირებადია მასალა, რომელიც ბუნებრივი დაშლის პროცესს ექვემდებარება. მაგალითად, ბიოდეგრადირებადი ნარჩენებია ქაღალდის ხელსახორცი, ქაღალდის პარკი და ყუთი. მათგან განსხვავებით, პოლიეთილენის კონტეინერის ნიადაგში დაშლას 50-80 წელი სჭირდება, პლასტმასის ბოთლს - 450 წელი, პოლიეთილენის პარკს კი - 200-1000 წელი. თუმცა პლასტმასის შეფუთვაც შესაძლებელია იყოს ბიოდეგრადირებადი, თუ ის სწორადაა ნაწარმოები.
უამრავ განვითარებულ ქვეყანაში კანონმდებლობა საწარმოებს ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენებას ავალდებულებს. პროცესი ეტაპობრივად აქტიურდება საქართველოშიც. თუმცა არა იმ ტემპით, როგორც საჭიროა. ჩვენთან ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება მხოლოდ ბიო საწარმოებისთვისაა აუცილებელი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბიოწარმოებაში დასაშვებია მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული განახლებადი მეორადი გამოყენების ან ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალის, შესანახი კონტეინერისა და ჭურჭლის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის დაბინძურების აცილებას.
ბიოდეგრადირებად შეფუთვაზე გადასვლის პროცესი ნელა მიდის. თუმცა მატულობს კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად მაინც ბიოდეგრადირებად შეფუთვას იყენებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი კომპანიების უმეტესობა უცხოურია და საქართველოშიც საკუთარ ქვეყანაში არსებულ სტანდარტს ნერგავენ. მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია "ფროში" სრულად ბიოდეგრადირებად შეფუთვას იყენებს და თავად პროდუქციაც მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს.
=
"არაბიოდეგრადირებადი პლასტმასი და პოლიეთილენი ძალიან აბინძურებს გარემოს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება ნიადაგში და საკმაოდ სახიფათო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ტერიტორიები, რომლებიც პლასტმასითა და პოლიეთილენითაა დაბინძურებული, პრაქტიკულად გამოუყენებელი ხდება. საუბარია როგორც ხმელეთზე, ისე წყალქვეშა ტერიტორიებზე. მსგავსი ნარჩენების სათანადოდ გადამუშავების შემთხვევაში მათ მიერ მიყენებული ზარალი საგრძნობლად შემცირდებოდა. თუმცა ეს საკმაოდ დიდი და შრომატევადი ტექნოლოგიური ციკლია და საქართველოში პროცესი სათანადოდ არაა გამართული," - განმარტავს ეკოლოგი კახა ბახტაძე.
"მეორე მხრივ, ქვეყანაში ეტაპობრივად ინერგება ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენების კულტურაც. საწარმოები ცდილობენ, პროცესი ისე გადააწყონ, რომ წარმოებიდან პლასტმასი და პოლიეთილენი მაქსიმალურად ამოიღონ. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია "ნაბეღლავის" ახალი საწარმო. რაც შეეხება პარკების საკითხს, ესეც ეტაპობრივად მოგვარდება მოვლენების სწორი შეფასებისა და სწორი აქტივობების დაგეგმვის შემთხვევაში. აფთიაქები უკვე დიდი ხანია, ქაღალდის შეფუთვას იყენებენ. სავაჭრო ცენტრებმა პოლიეთილენის პარკები ფასიანი გახადეს, მაგრამ ამით მოთხოვნა არ შემცირებულა. ეს ნიშნავს, რომ საკითხი არასწორად დაისვა და სხვა მიმართულებაა მოსაფიქრებელი," - დაამატა მან.
თუ თქვენ ცხოვრება გსურთ ჯანსაღ და ლამაზ გარემოში, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ზაიანს არ მიაყენებს, მაქსიმალურად ეცადეთ შეიძინოთ პროდუქტები, რომელსაც ბიოდეგრადირებადი შეფუთვა ექნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვეულებრივი შეფუთვა ნიადაგში მოხვედრიდან 400-500 წლის განმავლობაში იშლება და ამასთან ერთად, დაშლის პროცესში მავნე ნივთიერებებსაც გამოყოფს. მაშინ როდესაც, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის დაშლას სულ რამდენიმე თვე სჭირდება და დაშლისას არც მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.