საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრის პოსტზე მუშაობას ხვალიდან შეუდგება.
როგორც ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია.
"მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა. ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რაც არის განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში. ახლახანს ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლება და განათლებაზე ზრუნვა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე და მეცნიერებაზე ზრუნვა იქნება. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და იმ პირობის შექმნა, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება", - განაცხადა ჩხენკელმა.