ერაყში, შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გოგონები 9 წლის ასაკიდან შეძლებენ გათხოვებას, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.
Equality Now-ს ცნობით, ეს ერთ-ერთი პუნქტია კანონპროექტიდან რელიგიური სასამართლოების აღდგენის შესახებ, რომელსაც 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ახლა მოქმედი კანონით, დაქორწინება ოფიციალურად 18 წლიდან შეიძლება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის ასაკის მოზარდებსაც შეუძლიათ დაოჯახება.
შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, გადაწყვეტილებას სამომავლოდ მხოლოდ რელიგიური სასამართლოები მიიღებენ. კანონის დასამტკიცებლად, საჭიროა, ინიციატივას მხარი პარლამენტის სრულმა შემადგენლობამ დაუჭიროს.
„9 წლის გოგონების დაქორწინებაზე საუბარი წინასწარმეტყველი მუჰამედის ცოლის შესახებ ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით დაიწყო. არსებობს ვერსია, რომ ის 9 წლის გოგონაზე დაქორწინდა,“ - ამბობს Equality Now-ს კონსულტანტი ახლო აღმოსავლეთში სუად აბუ-დეიე.
UNICEF-ის ინფორმაციით, ერაყში ყოველი მეხუთე გოგონა ბავშვობის ასაკში თხოვდება, ისინი წყვეტენ განათლებას, ნაადრევი ორსულობა კი, ხშირ შემთხვევაში, გარდაცვალებით სრულდება.
რელიგიური სასამართლოების აღდგენის შემთხვევაში კი ქმართან დაშორების შემდეგ ქალების უფლებები კიდევ უფრო შეილახება, რადგან, დეიეს თქმით, რელიგიური სექტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალი უძრავი ქონების გარეშე უნდა დარჩეს, ბავშვზე კი მეურვეობა მამამ უნდა აიღოს.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით
Reuters-ის ფოტო