მედიის მომავალი - ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტის საჭიროებას გამორიცხავს?

მედიის მომავალი - ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტის საჭიროებას გამორიცხავს?

ამერიკელი ფუტუროლოგის ემი ვების აზრით, აქტუალური და გადამოწმებული ინფორმაციისთვის ადამიანები მომავალში ფულს გადაიხდიან. ამის შესახებ ვებმა ვაშინგტონში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე Online News Association conference 2017-ზე საკუთარი კვლევის პრეზენტაციისას ისაუბრა. ამ პრეზენტაციას ესწრებოდა "მედია პალიტრას" ჟურნალისტი კოკა კვირკველია.

ემი ვების პროგნოზით უახლოეს 10 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის. "ჩვენ ვისაუბრებთ კომპიუტერებთან მეტყველების ამომცნობი ტექნოლოგიის წყალობით. რიგითი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება დიდი მონაცემების ანალიზი, მათ შორის ვიზუალურიც. მეორეს მხრივ კი ინფორმაციის ფალსიფიცირების ტექნოლოგიები მიაღწევს ახალ სიმაღლეებს".

FAKE NEWS - გამოწვევა, რომელთანაც ვმარცხდებით

ინფორმაციისადმი ნდობა, რომელსაც მივიღებთ მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, იქნება ძალიან დაბალი." ახლაც კი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ მარტივად მოახდინონ ნებისმიერი გამოსახულებისა და ზომის მოდელირება, მომავალში კი ეს კიდევ უფრო "დაიხვეწება" - ამბობს ვები. ფუტუროლოგმა ამის სადემონსტრაციოდ მოიყვანა ფალსიფიცირებული ვიდეო ბარაკ ობამას მონაწილეობით, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მსგავსი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ შექმნეს. მათ პროგრამას შეასწავლეს ბარაქ ობამას ტუჩის მიმიკა, შედეგად კი მოახდინეს მისი იმიტირებული ალაპარაკება.

"სანამ სიმართლე თასმებს იკრავს, ტყუილი დედამიწას შემოურბენს" - ამ თეზას ამყარებს ვების შემდეგი მოსაზრებაც: მისი თქმით,  ფალსიფიცირებული ახალი ამბები მაღალი სიჩქარით ვრცელდება და შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მოვლენებზე. ამის საპირწონედ კი გაწონასწორებული და გადამოწმებული ინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო ნელა ვრცელდება. ამიტომ ახლა ჟურნალისტიკა კარგავს ინფორმაციის ვერიფიკაციაზე უფლებას, ამით უკვე ხელისუფლებები არიან დაკავებული.

"სიჩქარე დაკავშირებულია ხარისხთან. ჩვენ გვინდა რომ ინფორმაცია სულ უფრო სწრაფად მივიღოთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი უხარისხო იქნება. "ფეიკ ნიუსები" დიდი პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობ ინტერნეტი უკვე ვერ იქნება ისეთი თავისუფალი" - განაცხადა ვებმა და ამის მაგალითად მოიყვანა რუსეთი, ჩინეთი, და იდნოეთი სადაც ინტერნეტის და თავისუფალი ინფორმაციის კონტროლი ხდება.

მედიის განვითარების სავარაუდო სამი სცენარი ასეთია:

1. 70%-იანი ალბათობით მსოფლიოს ელოდება პრაგმატული ვარიანტი. მედია ეცდება არსებობის ახალი გზების ძიებას, მოირგებს ახალ ტექნოლოგიებს და გააგრძელებს ბრძოლას "ფეიკ ნიუსებთან". დიდი პრობლემა გახდება მონეტიზაცია და გამომცემლობების დიდი ნაწილი დაიხურება სარეკლამო რესურსების არქონის გამო.

2. 30%-იანი ალბათობის, კატასტროფული სცენარის, მიხედვით კი დადგება "ფეიკ" და სარეკლამო ნიუსების დრო და ადამიანები სულ უფრო მეტი ცრუ ინფორმაციის მომხმარებლები გახდებიან ვიდრე ნამდვილის.

3. ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით კი მედია წარმატებით ჩაერთვება ტექნიკურ პროგრესში, დაიწყებს ინფორმაციის ეფექტურ გადამოწმებას და ამით ფულის შოვნას. ამის ალბათობა კი ემი ვების განცხადებით ნულის ტოლია.

უფრო მეტი AI (ხელოვნური ინტელექტი) მედიაში

ემი ვებმა ასევე "იწინასწარმეტყველა" სმარტფონების დასასრული და "ნივთების ინტერნეტიზაციის ეპოქა" დაგვიანონსა. მისი ვარაუდით, დაახლოებით 2027 წლისთვის ჩვენ მივალთ საყოფაცხოვრებო და სხვა ნივთების ინტერნეტში სრულ ინტეგრაციამდე. ჩვეულებრივი მოდური სათვალეები თუ ლინზები აღიჭურვებიან ინტერნეტში წვდომის ფუნქციით. ამაზე კი ისიც მეტყველებს რომ კომპანიები ძალიან დიდი რესურსის ინვესტირებას ახდენენ ასეთ ლინზებში, შესაბამსიად ეს რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჯანრიდან არაა..

"სათვალეები მალე სმარტფონებზე ჭკვიანები გახდებიან. თქვენი ნივთები ამოიცნობენ ემოციებს და მოახდენენ თქვენი ჯანმრთელობის ანალიზს. ამაზე უკვე ჩატარდა ცდები. კომპიუტერში შეიყვანეს ადამიანის დნმ-ის მონაცემები და მიუთითეს ადამიანის გარეგნობის მოდელირება. მანქანამ საოცარი მსგავსებით შექმნა პროექცია. თქვენ გაგშიფრავენ. მანქანები ამოიცნობენ ადამიანებს სიარულის მანერით. ასევე შესაძლებელია მათ ისწავლონ ბოროტებისა და სიკეთის გარჩევაც" - დასძინა ემი ვებმა.

გაგვაკონტროლებენ?!

ვების განცხადებით, დღეისათვის მსოფლიოში სულ ათამდე მსხვილი კომპანიაა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ. "ეს ტექნოლოგიური კომპანიები ამ მიმართულების მართვის სადავეებს ხელიდან არც მომავალში გაუშვებენ და სწორედ ისინი გადაწყვეტენ და არა თქვენ, როგორი ახალი ამბები უნდა იკითხონ ადამიანებმა" - მიმართა ვებმა ჟურნალისტებს. ასეთ, ახალი ამბების გამავრცელებელ კომპანიებად, კი დაასახელა: ფეისბუქი, გუგლი, ამაზონი და სხვები.

მოამზადა კოკა კვირკველიამ

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"