როგორც იაპონიაში ყვებიან, ამ ადგილას სამი ტიპის ადამიანები მიდიან: ლაშქრობის მოყვარულები, ცნობისმოყვარენი და ისინი, ვინც უკან დაბრუნებას არ აპირებენ...
"ხეების ზღვა", აოკიგაჰარა (Aokigahara 青木ヶ原) - ასე ქვია იაპონიაში მდებარე სულისშემძვრელ ადგილს. ფუძის მთის ქვეშ არსებული ტყე კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს და უკვე ნახევარი საუკუნეა პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელებს შორის. 1970 წლიდან მოყოლებული პოლიცია რეგულარულად ამოწმებს ტყეს და წელიწადში საშუალოდ 100 გვამს პოულობს. აოკიგაჰარას ტყე სან-ფრანცისკოს "ოქროს კარიბჭის" ხიდის შემდეგ, მეორე ყველაზე ცნობილი ადგილია, სადაც ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.
ტყეში ასობით დაფა დგას წარწერებით, რომელიც ტყის სიღრმეში მიმავალებს აფრთხილებს, დაფიქრდნენ, სანამ ამას გააკეთებენ. დაფებზე იკითხება: "შენი სიცოცხლე უძვირფასესი საჩუქარია შენი მშობლებისგან. იფიქრე მათზე და შენი ოჯახის სხვა წევრებზე. შენ არასოდეს დაიტანჯები მარტოობაში". ქვემოთ კი მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი და დგას ტელეფონები, საიდანაც დარეკვაა შესაძლებელი... ტყისპირა პარკინგზე თვეობით დგას თვითმკვლელების მიტოვებული მანქანები, ტყის ბილიკებზე კი ტანსაცმელი და ფეხსაცმელია მიმოფანტული...
იაპონია თვითმკვლელობების რიცხვით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა მსოფლიოში. 20-44 წლამდე იაპონელი მამაკაცების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სწორედ თვითმკვლელობაა.
ამბობენ რომ, პირველი სუიციდი ამ ტყეში ბუდისტმა ბერმა ჩაიდინა, რომელსაც სურდა შიმშილით სიკვდილით განწმენდილიყო. ტყეში მისულ თვითმკვლელთა უმრავლესობა სიცოცხლეს ჩამოხრჩობით და წამლის დიდი დოზის მიღებით ასრულებს.
ადგილობრივებს სჯერათ რომ, ერთ-ერთი წეს-ჩვეულების თანახმად, ამ ადგილას სასიკვდილოდ განწირულ მოხუცებს ტოვებდნენ და ახლა მათი სულები დაძრწიან ტყეში. სხვა ლეგენდები ირწმუნებიან, რომ ამ ტყეში ჩიტის მსგავსი დემონი - ტენგუ ბინადრობს. გადარჩენლები ყვებიან, რომ ტყე იზიდავს ადამიანებს, კვალს ურევს მათ, რაც სავარაუდოდ ტერიტორიის უჩვეულო ტოპოგრაფიის დამსახურებაა.
ერთხელ, ტყეში ხეტიალის დროს დაკარგულმა ამერიკელმა წყვილმა, ბუდისტი ბერი ნახა, რომელმაც მათ ტყიდან გასასვლელი გზა უჩვენა. როდესაც ტურისტები ტყიდან დაბრუნდნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ, შეიტყვეს, რომ არსებობს თქმულება ბუდისტი ბერის შესახებ, რომელიც ტყის სიღრმეში ცხოვრობს და თვითმკვლელებს სუიციდის აღსრულებაში ხელს უშლის. ადგილობრივებს სწამთ, რომ ეს წმინდა სულია, რომელიც ადამიანებს თვითმკვლელობისგან იხსნის...