"ბავშვები ბავშვებისთვის" – ასეთია საქველმოქმედო აქციის სლოგანი, რომელიც 12 ნოემბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება. აქცია Coats-ის (Clothing Others Against The Snow – ჩააცვი სხვებს თოვლის წინააღმდეგ) მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა.
პროექტში ჩართულები არიან თბილისის თორმეტი სკოლის ბავშვები, რომლებიც Coats-ის კოორდინატორის, ნათია ჯორჯიკიას თქმით, აქციის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. სკოლებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვების პროცესს ორგანიზებას "გივი ზალდასტანიშვილის სახეობის ამერიკული აკადემია" უწევს, რომლის მშობელთა საბჭო ერთი თვის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული.
"ძირითადად, პროექტში ჩართულები არიან, უცხოენოვანი კერძო სკოლები და სამი საჯარო სკოლა. Coats-ი არ არის რეგისტრირებული ორგანიზაცია, წარმოადგენს აქციას, რომელიც დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებასა და შემოწირულებებზე.
გარდა იმ ბავშვებისა და მშობლებისა, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საჭირო ნივთებს აქტიურად აგროვებენ, აქციაში ჩართულები არიან კერძო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ძალიან გვეხმარება და პროექტს წლების მანძილზე მხარს უჭერს "ბრიტიშ პეტროლეუმი", "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია", აშშ-ს საელჩო, ღია საზოგადოება საქართველო, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, East Point-ი, Millenium Challenge Account Georgia, სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები.
ბავშვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოგვყავს, რომელთაც შემდეგ უკან ვაბრუნებთ და ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე უნდა მოხდეს სკოლებში შეგროვილი ნივთების "რედისონ ბლუ ივერიაში" გადატანა, რომელშიც ასევე კერძო კომპანიები გვეხმარებიან. ისინი ბავშვებს ტკბილეულითაც უზრუნველყოფენ. რადგან შემოწირულობებზე ვართ დამოკიდებული, ვნერვიულობდით, შეგროვდებოდა თუ არა საკმარისი ნივთები, თუმცა წინა წლებში ტანსაცმელი რჩებოდა კიდეც, შემდეგ კი განსაკუთრებულად გაჭირვებულ ოჯახებში ვარიგებდით" – აღნიშნავს ნათია ჯორჯიკია.
უკვე მე-8 წელია, Coats-ი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო ნივთებით ეხმარება. წელს ბენეფიციართა რაოდენობამ 335–ს მიაღწია. "ეს აქცია როგორც ჩემთვის, ისე ბავშვებისთვის ძალიან ემოციურია. ჩემი აზრით, მსგავსი პროექტები ჩვენი შვილებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქველმოქმედებას თავიდანვე სწავლობენ და ხვდებიან, რომ უნდა გაიღო, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვს. როდესაც იცი, რომ უნდა დაეხმარო ბავშვებს, რომელთაც არ ჰყავთ მშობლები, არ აქვთ ფეხსაცმელი, ეს დამატებით მუხტს გმატებს", – აღნიშნავს Coats-ის კოორდინატორი.
Coats-ი თავდაპირველად 8 წლის წინ BP-ს მაშინდელი ხელმძღვანელის მეუღლის, მიშელ დანის ინიციატივით, ბავშვთა დახმარების ცენტრის "ბავშვი და გარემოს" ბენეფიციარების მხარდასაჭერად ჩატარდა, წელს კი აქციაში უკვე დამატებით ორი ცენტრი "ხსნის არმია" და "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" არიან ჩართული.
Coats-ს 2017 წელს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხისა და ჭიათურის თავშესაფრების ბავშვებს დაეხმარება. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი კი "რედისონ ბლუ ივერიაში" გრანდიოზული ტორტითა და ფეიერვერკით დაგვირგვინდება.