"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ სათქმელს დროზე არასდროს ვამბობ, რას ველოდები, თავადაც არ ვიცი. ეს ცუდი თვისებაა," -ამბობს მსახიობი ქეთი ჩხეიძე და ამ თვისებას თავისებურ ახსნას უძებნის. რის გამო აქვს ხოლმე სირცხვილის შეგრძნება, როგორია თავისუფლების მისეული ახსნა, რის ეშინია ყველაზე მეტად, როგორ ახსოვს პირველი აპლოდისმენტი და როგორ იქცევა, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? -ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
-...1965 წლის 19 სექტემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
-...მსახიობი. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ჩემმა გარემოცვამ და თეატრში ხშირმა სიარულმა იქონია.
- ჩემზე ამბობენ...
-...შეგნებულად არ გავიმეორებ იმ საქებარ სიტყვებს, რომლებიც ჩემი მისამართით მესმის ხოლმე. გეტყვით, როგორი კრიტიკული შეფასებები მესმის. დედა მეუბნება, ცოტათი უხეში ხარო. მეგობრები უმეტესად მაქებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულ საქმეს ისე ვერ ვაკეთებ, როგორც მათ მოსწონთ, საყვედურსაც მეუბნებიან.
- ბედნიერი ვარ...
- ...რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში დავიბადე. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილი (თან ასეთი შვილები); ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მეგობარი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ საინტერესო პირადი ცხოვრება მაქვს და ვაკეთებ იმას, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- ჩვევად მაქვს, სცენაზე გასვლის წინ...
- ...როგორც ყველა მსახიობი, გულში ვიმეორებ სიტყვებს: ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
-...ყოველთვის ვცდილობ, ვიყო გულწრფელი. ურთიერთობებში სიყალბე არ მიყვარს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...იმდენი რამ არ მომწონს, რომ... მაგალითად, სიზარმაცის გამო, ზოგჯერ საქმის გადადებაც მიყვარს. წლებია, ჩემში ამ თვისებას ვებრძვი.
- არ მჩვევია...
-...ადამიანს რა ადამიანური ნაკლიც აქვს, ყველაფერი მჩვევია.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
-...ჩემს გამზრდელს; ადამიანს, ვინც მე პროფესია მომცა -გიზო ჟორდანიას.
- პირველად თავი წარმატებულად...
-...ვიგრძენი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. თეატრალურ ინსტიტუტთან არსებული სასწავლო თეატრის ჯგუფი სპექტაკლებს ამ სცენაზე ვაჩვენებდით. ეს იყო სპექტაკლები: "სამანიშვილის დედინაცვალი", "ანა ფრანკის დღიური" და "ამაღამ მგონი იქნება ქარი". მაშინ ეს ჩვენი ჯგუფისთვის დიდი აღიარება იყო. მქონდა განცდა, რომ რაღაც მეც შემძლებია.
- პირველი აპლოდისმენტი...
-...როგორ არ მახსოვს! ეს საოცარი განცდა იყო.
- ემოციური მსგავსება და განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ აპლოდისმენტებს შორის...
-...რა თქმა უნდა, არსებობს. ახლა აპლოდისმენტი ცოტათი სხვანაირი გახდა. მაშინ ისეთი იყო, ახალგაზრდას რომ ამხნევებს, ახლა მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. როცა სცენაზე გამოვდივარ, მესმის, როგორ ჩურჩულებს მაყურებელი. ადამიანებს გამომეტყველებაზე ყოველთვის ეტყობათ განწყობა. შესამჩნევია, როცა მაყურებელი დადებითადაა შენ მიმართ განწყობილი და ინტერესი აქვს. დღეს ყველას ცხოვრების ისეთი რიტმი გვაქვს, რომ არავის აღარავისთვის სცალია და როცა შენი არსებობით ერთი ადამიანი მაინც არის დაინტერესებული, ეს უკვე ძალიან დიდი რამეა, მით უმეტეს მაშინ, როცა არტისტი ხარ. მაყურებელს თუ უყვარხარ, ეს ბედნიერებაა, აბა, რა არის?.. განაგრძეთ კითხვა