AMBEBI.GE იწყებს ახალ რუბრიკას "მკითხველის ამბები", რომელშიც შევაგროვებთ თქვენს ისტორიებს და საინტერესო ამბებს. ახალი რუბრიკის პირველი სტუმარი 32 წლის ხათუნა ყენიაა, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, მამას და მის ნათესავებს ეძებს.
"მამას და მამის სანათესაოს ვეძებ, მაგრამ არ ვიცი, მამა ცოცხალია თუ არა. მშობლების მხოლოდ ქორწილის ფოტოები მაქვს. დედა 7 წელია, გარდაცვლილია... ნათესავებს კი არ სურთ ამაზე ლაპარაკი," - გვეუბნება ჩვენი მკითხველი და თავის ისტორიას გვიყვება...
"დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ვარ ჟურნალისტი, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია, ერთ-ერთ ცნობილ კერძო წარმოებაში ვსაქმიანობ. ვცხოვრობ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავს დედმამიშვილები, მყავს კარგი სამეგობრო და სანათესაო (დედის მხრიდან) წრე, მარტოობას არ ვუჩივი. ვცხოვრობ ნორმალურად, ვსწავლობ უცხო ენებს, ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, უკეთესი მომავლის, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში... არანაირი მატერიალური დაინტერესება არ მაქვს, ბინაც მაქვს და კარგი სამსახურიც, უბრალოდ, მინდა, ვიცნობდე მამას (ტარიელ ყენიას)! იქნებ და, ან ძმაც მყავს? სამომავლოდ, ეს უნდა ვიცოდე..."
როგორც ხათუნა ამბობს, მშობლები კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ იცის, მათ შორის რა მოხდა, ფეხმძიმედ მყოფი დედა მამამ რატომ მიატოვა, რატომ გაშორდნენ... თუმცა, სანამ დედა ცოცხალი ჰყავდა, ეუბნებოდა, რომ მამა ავარიაში დაიღუპა, რომ მისი გვარი ყენია სამეგრელოდან, სოფელ ნაჯახაოდან მოდის, რომ ჰყავს ბაბუა, გიორგი და ბიძა - ბადრი (უკრაინაში)... თუმცა, ხათუნამ მხოლოდ დედის გარდაცვალების შედეგ გაარკვია, რომ სამეგრელოსთან მის გვარს არაფერი აკავშირებდა... "მეგობარმა სოფელ ნაჯახაოში მოიკითხა და უთხრეს, რომ იქ ტარიელ გიორგის ძე ყენიას არასდროს უცხოვრია და იმ სოფელში ყენიები საერთოდ არ არიან," - განმარტავს ხათუნა.
მან სანათესაოშიც (დედის მხრიდან) სცადა ამ საკითხის გარკვევა, მაგრამ როგორც ამბობს, ამაზე საუბარი მათ არ მოისურვეს...
"ჩემი ეჭვები, რომ მამა ცოცხალი იყო, იმან გაამძაფრა, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემს დეიდაშვილს წამოსცდა, - მამაშენი რუსეთში წავიდა და სულაც არ დაღუპულა ავარიაშიო... რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ყველაფერი ყირაზე დააყენა... დედა გვიან გათხოვდა, 40 წლის იყო, მამაც მაგ ასაკის ყოფილა. თუ ცოცხალია, სადღაც 72-75 წლამდე უნდა იყოს. დედის ნათესავებთან დეტალების გარკვევა ერთხელაც ვცადე, მაგრამ დეიდაშვილმა და დეიდამ მითხრეს, - რად გინდა, მისი ამბის გაგება, მძიმე ხასიათის იყოო... მაგრამ ასეთი პასუხები უფრო მიმძაფრებს ინტერესს... ისე, დედაც არ იყო რბილი ხასიათის, ჯიუტი და თავისნათქვამი ქალი გახლდათ, ამაყიც, თუმცა ალალი და უბოროტო...
- ე.ი. ამდენი წლის განმავლობაში მამას ერთხელაც არ მოუკითხიხარ?
- არანაირი დაინტერესება მისი მხრიდან არ ყოფილა, არც მისი ნათესავებისგან... ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, შესაძლოა, იყო კიდეც, მაგრამ ჩემამდე ამ ამბავს არ მოუღწევია. მოკლედ, ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი... როგორც ვიცი, დედა გარიგებით გათხოვდა, ამ საქმეში ბებიას, დედის დედას დიდი წვლილი მიუძღვის... ბებომ გააცნო ისინი ერთმანეთს, მისი მოწონებული სასიძო გახლდათ. მამა არქიტექტორი ყოფილა, დედა - ბიოლოგი იყო, 90-იან წლებამდე მუშაობდა, მერე როგორც ყველა, ისიც უსამსახუროდ დარჩა...
დედაჩემი წარმოშობით ქუთაისიდან გახლდათ, გვარად შუკაკიძე, სტუდენტობის პერიოდიდან თავის დედასთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა... წლების შემდეგ კი მამაჩემზე იქორწინა და გავუჩნდი მე... მამასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვებს კიდევ ის ამძაფრებდა, რომ დედას არ უნდოდა ამ თემაზე ჩემთან საუბარი... როდესაც წამოვიზარდე, ვფიქრობ, რომ შეგნებულად მირევდა თავ-გზას, ალბათ, რომ არ მომეძებნა... მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები გვეხმარებოდნენ, 90-იან წლებში, როგორც ყველას, ცხოვრება ჩვენც გვიჭირდა. სხვა საფიქრალი გვქონდა. მოკლედ, ვიზრდებოდი ოჯახში (დედა და ბებია მზრდიდნენ), სადაც მამა არ ყოფილა და არც მასზე საუბარი იყო მიღებული...
- მამას არ კითხულობდი?
- ეს კითხვა საკმაოდ შეგნებულ ასაკში დავსვი და ვფიქრობ, გვიანაც. უკვე სკოლას ვამთავრებდი, თუმცა მანამდეც მქონდა ეჭვი, მაგრამ მერიდებოდა ამ კითხვის თამამად დასმა. თან, ბებო მკაცრი ქალი იყო, ვერ ვუბედავდი და ეს თემაც, როგორც გითხარით, დახურული ჰქონდათ...
- ბავშვობაში მშობლების ხელისმოწერის ფოტოებს რომ ათვალიერებდი, რას ფიქრობდი?
- სულ მაინტერსებდა - მამა სად იყო, მაგრამ რადგან ნათქვამი ჰქონდათ, რომ გარდაცვლილი იყო, მებრალებოდა. მის მიმართ სულ სიბრალულის გრძნობა მქონდა. ის ხალხი კი, ვინც ფოტოზე ჩანან, არ ვიცი ვინ არიან. არა, ერთს კი ვიცნობ, დედას ხელისმომკიდეს, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ნათლიაც არის, ვაზისუბანში ცხოვრობს და ჩვენთან ბოლოს ბებიას დაკრძალვაზე (1994 წელი) იყო. მას მერე არ მინახავს. კონტაქტიც არ მაქვს, ამიტომ ვერც მას მივაგენი. მეორე ფოტოზე, ვისაც ვიცნობდი, დედაჩემის დეიდაშვილია, ახლახან გარდაიცვალა. ცნობილი გეოლოგი იყო, ლექციებს კითხულობდა, ვერც მას გავუბედე ოდესმე რამე მეკითხა.
მოკლედ, ძალიან მინდა, ვინმეს მივაგნო და დამელაპარაკონ, ამიხსნან, მითხრან სიმართლე. იქნებ ჩემ გვერდში ჩემი დედმამიშვილებიც არიან და მე მათ არ ვიცნობ? იქნებ ცოცხალია მამა? მოკლედ, დალაპარაკება მინდა, თუ ჩემთან ურთიერთობას არ მოინდომებენ, არც ეს არის აუცილებელი, მთავარია, სიმართლე ვიცოდე და ტყუილში არ ვიყო დარჩენილი ცხოვრება. ვიმეორებ, არანაირ გამორჩენას არ ვეძებ. უბრალოდ, მიჭირს ამ ბუნდოვანებაში ცხოვრება. ძნელია, როცა გეუბნებიან, იცი, რომ დაიღუპა, მერე იგებ, რომ კი არ დაიღუპა, უბრალოდ, შენგან წავიდა.
- რას ეტყოდი მამას და მის ნათესავებს?
- ძალიან მინდა მისი გაცნობა, ურთიერთობა მასთან. მინდა, გავიგო, რა მოხდა წლების წინ, რატომ წავიდა? თუ რამე მშობლებმა დააშავეს, ჩვენ, თუ და-ძმა მყავს, ხომ არ დაგვიშავებია? რატომ არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს? გამოვეხმაუროთ ერთმანეთს, სათქმელი ვუთხრათ. თუ ექნებათ სურვილი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, თუ არადა, მიუხედავად იმისა, რომ გული დამწყდება, მშვიდობიანად დავემშვიდობოთ მათ.
- თუ ვთქვათ, მართლაც ის ვერსიაა, რომ მამამ დედასთან ერთად მიგატოვა, თუნდაც შენს დაბადებამდე, ან დაბადების შემდეგ და მერე აღარ გახსენებიხარ, იმედი გაქვს, რომ იმ ადამიანს შენთან ურთიერთობის სურვილი ექნება?
- რა მოხდა მათ შორის, მე ხომ არ ვიცი?.. იქნებ მომიკითხა და ჩვენებმა არ მოუშვეს ჩემამდე? ვფიქრობ, თუნდაც ამის თქმა მაინც უნდა უნდოდეს. ახლა ჩემი დასაყრდენი, ერთადერთი ეს ფოტოებია. დედის მადლობელი ვარ, რომ შემოინახა და არ გაანადგურა, ეტყობა, მაინც უყვარდა...
ლალი ფაცია
ჩვენ ვეძებთ ამბებს! გაქვთ საინტერესო ისტორია? იცნობთ ადამიანს, რომლის შესახებაც ბევრმა უნდა გაიგოს?
მოგვწერეთ თქვენი ამბები ელ-ფოსტაზე: ambebi@ambebi.ge თქვენს ამბავს, ჩვენ საქართველოს მოვუყვებით!