ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 20 იანვარს ექსცენტრიკულმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობის წინ ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე საპრეზიდენტო ფიცი დადო. ასე შეუდგა პრეზიდენტობას ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი.
გთავაზობთ უცხოეთის მიმომხილველის კახა დგებუაძის ანალიზს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთ წელზე:
"2016 წლის 8 ნოემბერი. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკაზე, სადაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. თავისუფალი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რამდენიმე საათში გაარკვევს, ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ამერიკული მეინსთრიმ მედია და გამოკითხვები უპირობო ფავორიტად აშშ-ს ყოფილ პირველ ლედისა და სახელმწიფო მდივანს - ჰილარი კლინტონს ასახელებენ. ექსტრავაგანტული ბიზნესმენი, ამერიკის პოლიტიკური ისთებლიშმენთის "თეთრი ყვავი" დონალდ ტრამპი, რომელიც დემონიზირებული იყო ამერიკული მედიის მიერ, არჩევნების ფავორიტად არ მიიჩნევა. რამდენიმე საათში დადგება შედეგი, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მსოფლიოს შეძრავს.
თუ რეალურად რა მოხდა ამ დღეს, ამას აღნიშნული მოვლენების ერთ-ერთი უშუალო მონაწილე, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში "What Happened" ("რა მოხდა") გვიყვება:
არჩევნების საღამო. შედეგების მოლოდინში.
"სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა იმის გააზრება თუ როგორ მოვიპოვებდით საკმაო ხმებს, რათა გაგვემარჯვა. როგორ მოხდა ეს? რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით წინასაარჩევნო კამპანიისას. ჯიმ კომის წერილს არჩევნებამდე 11 დღით ადრე ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. მაგრამ, ვფიქრობდი, რომ ჩვენ ფეხზე წამოვდექით. არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე კარგად მივდიოდით. ენერგიისა და ენთუზიაზმის მუხტი გვქონდა. ჩვენი პროგნოზები, ასევე გამოკითხვები გამარჯვების შესანიშნავ შანსს გვაძლევდა. თუმცა, ეს გამარჯვება უკვე ქრებოდა. გაოგნებული ვიყავი. მენტალურად ამისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად. თავშიც კი არ მომსვლია აპოკალიფსური სცენარი და არც კი მიფიქრია, თუ რას ვიტყოდი წაგების შემთხვევაში. ამაზე უბრალოდ არ მიფიქრია. მაგრამ ახლა ეს უკვე რეალობა იყო და ბრძოლა დამჭირდა ამ რეალობისთვის სახეში შემეხედა. თითქოს ოთახში ჰაერი არ იყო და სუნთქვა მიჭირდა".
მათაც კი, ვისაც შესაძლოა არ მოსწონდეს ჰილარი კლინტონი, ან სრულად ინდიფერენტული იყოს მის მიმართ, ეს პასაჟი გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ამ დღის დრამატული ნაწილი შესანიშნავად არის გადმოცემული. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჰილარი კლინტონისთვის დამარცხება გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე ეს დონალდ ტრამპისთვის იქნებოდა. ის ამ დღემდე ათწლეულების განმავლობაში მიდიოდა. აშშ-ს პირველი ლედის პოსტის შემდეგ იყო მოღვაწეობა აშშ-ს სენატში, 2007 წელს ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობდა, თუმცა სენატორ ბარაქ ობამასთან დაპირისპირებაში დამარცხდა, უკვე 2009 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის პოსტზე ვიხილეთ. ჰილარი კლინტონის გზა 2016 წლის 8 ნოემბრამდე დიდი იყო, ის ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა და ყველა წინაპირობა იყო შექმნილი, რომ აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გამხდარიყო...
თუმცა, საკმარისია ჰილარიზე საუბარი. ამ დღის გმირი დონალდ ტრამპია. 2015 წლის 16 ივნისს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ოდიოზური ბიზნესმენი დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში მიიღებდა მონაწილეობას. სიმართლე გამხელილი სჯობს და ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი, რომ პირადად მე ამ ამბავმა გესლიანი ღიმილი დამიტოვა. რთული იყო დონალდ ტრამპის თუნდაც "რესპუბლიკური პარტიის" შიგნით ფავორიტად განხილვა იმ სიტუაციაში, როდესაც "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდნენ ისეთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, როგორიც არიან - სენატორი მარკო რუბიო, სენატორი ჯებ ბუში, გუბერნატორი სკოტ ვოლკერი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა გამოცდილ პოლიტიკოსებზე უკეთ იგრძნო იმ პრობლემების პალიტრა, რომელიც ასე აწუხებდა ამერიკულ საზოგადოებას. არ ვგულისხმობ ნიუ-იორკს, სან-ფრანცისკოს ან ვაშინგტონს, არამედ იმ შუაგულ, "ერთსართულიან ამერიკას", რომელიც ხშირად უგულვებელყოფილი იყო ამერიკელი მეინსთრიმ პოლიტიკოსების მიერ. დიახ, ტრამპმა ოსტატურად ითამაშა ამ "ერთსართულიანი ამერიკის" სენტიმენტებზე და ზუსტად ეს გახდა მისი საბოლოო გამარჯვების საწინდარი.
ინაუგურაციის დღე, 2017 წლის 20 იანვარი
კვლავ დავუბრუნდეთ 2016 წლის მოვლენებს. ჩვენი დროით უკვე 9 ნოემბრის დილის 09:00 საათისთვის, დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მოიპოვა. ის უკვე მიუწვდომელი იყო ჰილარი კლინტონისთვის! ის, რაც ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ განაცხადა, ბევრს არარეალურად ეჩვენებოდა, რეალობად იქცა. ტრამპი აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდა.
ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში ამ მომენტზე წერს:
"უდაოდ, ეს ჩემი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომენტი იყო. მე ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, ხოლო დონალდ ტრამპმა მითხრა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ხელისუფლების გადაცემა შეფერხების გარეშე განხორციელებულიყო".
ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა
ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლისთავზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა თუ როგორი იყო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკული მეინსთრიმ მედია არ წყვეტს ტრამპისა და კრემლის ერთმანეთთან დაკავშირებას და საიდუმლო გარიგებაზე საუბარს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გარიგების რაიმე მტკიცებულებები ჯერ არავის უნახავს. თუმცა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
თუ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთთან ურთიერთობები ცუდის ნიშნულზე იყო, ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს ურთიერთობები უკიდურესად დაბალ ნიშნულზე გადავიდა. აღნიშნულს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში. ფრთხილი ოპტიმიზმის დამოკიდებულებიდან ოფიციალური მოსკოვი უკიდურესად პესიმისტურ დამოკიდებულებაზე გადავიდა. "აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეცვლილა", - ასეთი დიაგნოზი დასვეს კრემლის პოლიტექიმებმა.
დონალდ ტრამპი და მსოფლიო ლიდერები "დიდი შვიდეულის" სამიტზე იტალიაში
უცნაურია, რომ ვიღაცას გაუჩნდა იმის განცდა, რომ ტრამპის პირობებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთთან მიმართებაში უფრო რბილი ან ნაკლებად მომთხოვნი გახდებოდა. მოდით ერთი წამით გვერდზე გადავდოთ ტრამპის პიროვნება. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად აშშ-ს კონგრესში უმრავლესობა მოიპოვა "რესპუბლიკურმა პარტიამ", რომელიც ტრადიციისამებრ, "დემოკრატებისგან" განსხვავებით ხისტ და უკომპრომისო საგარეო პოლიტიკას ატარებს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. არ დაგვავიწყდეს, რომ "რესპუბლიკელმა" რონალდ რეიგანმა მიიყვანა ბოროტების იმპერია, საბჭოთა კავშირი გარდაუვალი განადგურების ზღვრამდე.
რა შეიცვალა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობაში?
"რესპუბლიკელების" ხელისუფლებაში მოსვლა დაუყოვნებლივ აისახა ვაშინგტონის პოლიტიკაზე კრემლთან მიმართებაში. "რესპუბლიკური" ვაშინგტონის მესიჯი ცხადი და ნათელი იყო: აშშ რუსეთს სანქციებს არ გაუუქმებს! უფრო მეტიც, რუსეთს დამატებითი, უპრეცედენტო სანქციები დაუწესდა, რომელსაც მხარი დონალდ ტრამპმა დაუჭირა.
"მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს, რომელიც ახალ სანქციებს უწესებს ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს. ამერიკა არ შეეგუება ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას და ჩვენ, ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით ვიქნებით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რთული დასაჯერებელია, რომ მეინსთრიმ მედია დონალდ ტრამპს სულ რაღაც ერთი წლის წინ კრემლის მარიონეტად აცხადებდა.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეიცავდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მესიჯებს.
"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა იგნორირებას საქართველოსთან მიმართებით. ამ მოთხოვნათა თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიყვანოს თავისი არმია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში თავისუფალი შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარულ ჯგუფებს და კონფლიქტის ზონების მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას", - ნათქვამია ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტში.
ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტზე ჰამბურგში
ამა წლის ზაფხულს აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრისას, რომელიც არასოდეს მალავდა თავის ანტიპატიებს ტრამპისადმი, ინტერვიუს დროს ვუხსენე, რომ ზუსტად რომ ტრამპის დროს იყო მიღებული ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც უპრეცედენტოდ მკაცრ ფორმულირებებს იყენებს რუსეთთან მიმართებაში საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო. მაშინ ქალბატონმა ოლბრაიტმა მიპასუხა, რომ "ის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც საქართველოს მხარდაჭერა მოხდა, კონგრესიდან წამოვიდა". ამით მადლენ ოლბრაიტს ტრამპის წვლილის შემცირება სურდა, თუმცა ჩნდება კითხვა: რატომ არ მიუღია ობამას ადმინისტრაციის კონგრესს რუსეთთან მიმართებაში ასეთი მკაცრი დოკუმენტი?
რა შეიცვალა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში?
აშშ-ს ხელისუფლებაში ტრამპისა და "რესპუბლიკელების" მოსვლასთან ერთად უფრო დინამიურად დაიწყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება. უკვე მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ეწვია ვაშინგტონს, სადაც თეთრ სახლში პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვიზიტის ოფიციალურ ნაწილსი ტრამპთან შეხვედრა გათვალისწინებული არ იყო, თეთრი სახლის პატრონმა ოვალურ კაბინეტში საქართველოს მთავრობის მეთაური მიიღო, რითიც დაადასტურა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის რუკაზე საქართველო უმნიშვნელო წერტილი არ არის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისთვის.
კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას; 30 კონგრესმენის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილი, ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ გააქტიურებული თანამშრომლობა... - ეს ის კონკრეტული ნაბიჯებია, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ასეთი დატვირთული, შინაარსობრივი და პრაქტიკული მონაკვეთი რთული გასახსენებელია.
თუმცა, ამით არ დასრულებულა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აქტიური ფაზა. უკვე აგვისტოში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ვიზიტის მთავარი მესიჯი, ტრამპის გზავნილი შემდეგი იყო: "დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ".
ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთისადმი ამგვარი ხისტი და უკომპრომისო მიდგომა დისონანსში მოდის ბარაქ ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკასთან. 2008 წლის აგვისტოს ომიდან, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია/ანექსიიდან რამდენიმე თვეში, აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ 2009 წელს რუსეთთან ურთიერთობები გადატვირთა. კარგად გვახსოვს, როგორ იდგნენ გვერდიგვერდ მომღიმარი სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი და რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობების გადატვირთვის სიმბოლურ წითელ ღილაკს ერთად დააჭირეს ხელი. მაშინ ობამას ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის დიდი ფასი გადაეხადა. შედეგად კი, 2014 წელს ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა მივიღეთ. კარგად გვახსოვს, 2012 წელს სეულში რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრის დროს, ობამამ მედვედევს განუცხადა, რომ "არჩევნების შემდეგ უფრო მეტი მოქნილობა ექნება". ბარაქ ობამას ამ "მოქნილობამ", რუსეთისადმი მკაცრი და მომთხოვნი პოლიტიკის უკმარისობამ შედეგად მოგვცა ანექსირებული ყირიმი და გახლეჩილი უკრაინა, ახლო აღმოსავლეთში ძლიერ ერთეულად დაბრუნებული რუსეთი.
როდესაც ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის საშინელი მემკვიდრეობა, რომელიც მან ობამასგან მიიღო: რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული რუსეთი და ირანი, ირანთან საერთაშორისო შუამავლებთან ერთად დადებული შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რის სანაცვლოს ირანმა წვდომა მიიღო გაყინულ მილიარდებზე, რითაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ტერორსა და ექსტრემიზმს აფინანსებს, ჩრდილოეთ კორეის გადაუწყვეტელი პრობლემა, რომელიც დღეს აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ბირთვული ომით ემუქრება.
ახალმა ადმინისტრაციამ და "რესპუბლიკურმა" კონგრესმა პირველივე დღეებიდან დაიწყო საგარეო პოლიტიკაში ობამას ადმინისტრაციის შეცდომების გამოსწორება. ირანს, რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესდათ. აშშ-ს მოკავშირეებმა კი ვაშინგტონისგან უპირობო მხარდაჭერის ახალი მესიჯები მიიღეს. "ჩვენ, ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით ვიქნებით" - ტრამპის საგარეო პოლიტიკის ეს დევიზი არ არის უბრალოდ სიტყვები. ამის უკან დგას მზაობა კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აშშ-ს მოკავშირეების დასაცავად. პოლიტიკური ნება და გამბედაობა, რომელიც ასე აკლდა ობამას ადმინისტრაციას და რაც თავის თავზე იგრძნო 2014 წელს უკრაინამ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში, 2017 წლის აგვისტო
დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წელი გავიდა, ხოლო ინაუგურაციიდან კი სულ რაღაც ცხრა თვე. რა თქმა უნდა, ეს მცირე დროა შორსმიმავალი დასკვნების გასაკეთებლად. თუმცა, ცხადია ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გავიდა, რისი მოკლე რეზიუმეც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის შემდეგ სიტყვებშია:
"ამერიკა საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დგას და პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ ისევ გვერდიგვერდ ვიდგებით. ჩვენ გვერდში გიდგავართ იმიტომ, რომ როგორც ქართული ანდაზა ამბობს "ძალა ერთობაშია". შესაბამისად, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით".
მოამზადა უცხოეთის მიმომხილველმა კახა დგებუაძემ