ზვიად კორძაძის რჩეული 10 ღვინო - რა ტექნოლოგიებით აყენებს ღვინოს ცნობილი ადვოკატი

ზვიად კორძაძის რჩეული 10 ღვინო - რა ტექნოლოგიებით აყენებს ღვინოს ცნობილი ადვოკატი

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" "პალიტრამედია" ახორციელებს. ის ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და შესაბამისად, რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის, უცხოელებს კი შესაძლებლობა ექნებათ, საუკეთესო ქართული ღვინოები აღმოაჩინონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღვინის სამშობლოს ტიტულს.

ამ თემაზე აზრი ცნობილ ადვოკატსა და მოყვარულ მეღვინეს ზვიად კორძაძეს ვკითხეთ:

- ძალიან საინტერესო პროექტია იმიტომ, რომ საქართველოში ბოლო წლებში ღვინის დაყენების ბუმია, არ ვგულისხმობ ქარხნებს და დიდ მარნებს, მცირე მარნები, კონკრეტული პირებიც დიდი ინტერესით არიან ამ საქმეში ჩართული. ბევრი კარგი ღვინოც გამოჩნდა. ხოლო ასეთი ტიპის კონკურსები კი გამოავლენს როგორც იმ ღვინის სახეობებს, რომლებიც მართლა მნიშვნელოვანია, ასწევს ღვინის შეფასების სტანდარტსაც და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის სწორ პოპუარიზაციას, რადგანაც როდესაც ესა თუ ის თემა პოპულარული ხდება, მისი არასწორი განვითარების რისკიც მატულობს, მით უფრო, როცა საუბარია ღვინოზე, რომელიც ექსპორტზე გადის, მნიშვნელოვანია თემის სწორი განვითარება. ასე რომ, ძალიან კარგი წამოწყებაა. ალბათ მოიმატებს კიდეც პატარა შატოების, მცირე მარნების რაოდენობა.

- დაგვისახელეთ 10 ღვინო, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ და რატომ?

- ე.წ. შავ ღვინოებში ალბათ პირველი საფერავია, ის ხომ ქართული ღვინის გარკვეული სამარკო ნიშანია; ძალიან მიყვარს უსახელოური, უნდა ვთქვა, რომ ქართულ ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და არა მარტო გემოვნური თვისებებით, არამედ მდგრადობით, ბუკეტით. მე არ ვაყენებ უსახელოურს იმ წესით, რა წესითაც ბაზარზეა, ჩემი მეთოდი - მშრალი წესია. შემდეგ ვიტყოდი ხვანჭკარას, რომელიც ქართული ღვინის ერთგვარი სამარკო ნიშანია იმ სეგმენტში, რომელშიც არის, შემდეგ არის ოცხანური საფერავი, იმერელი ვარ და მიმაჩნია, რომ არც ერთ ამ ტიპის ღვინოს არ ჩამოუვარდება. ასევე მიყვარს თავკვერი.

რაც შეეხება თეთრ ღვინოებს, აქ ციცქა-ცოლიკაურს დავასახელებ. მე ორივეს ერთად ოცხანური საფერის ჭაჭაზე ვაყენებ. ეს ძველი იმერული მეთოდია. მუქი ვარდისფერი შავში გარდამავალი ფერის, მოწითალო ძალიან სასიამოვნო არომატის ღვინო გამოდის, რომელსაც მგონია, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. ასევე რქაწითელი და მწვანე, რომლის ერთად დაყენება სხვადასხვა თანაფარდობით, სხვადასხვა ღვინოს იძლევა, მათ შორის, წინანდალი და მწვანე - ამ ორი ყურძნის შეფარდებაც საინტერესოა. თუ მეტია მწვანე, სხვა რამ გამოდის, თუ ნაკლები - სხვა. კარგია ამ ღვინოების ქვევრში დაყენებაც, თუმცა ცალ-ცალკეც მშვენიერი ღვინოებია. კარგი ღვინოა ჩინური ცალკეც და გორულ მწვანესთან ერთადაც. დავსახელებ კრახუნას, ქისის.

- ამ ღვინოებიდან ერთს, თქვენთვის ყველაზე საყვარელ ღვინოდ რომელს დაასახელებდით?

- ძალიან მომწონს ციცქა-ცოლიკაური, ოღონდ, არაევროპული წესით დაყენებული, ჭაჭაზე ქვევრში და მგონია, რომ არც ერთ ღვინოს არ ჩამოუვარდება. ერთ-ერთი საუკეთესოა და ბაზრისთვის პერსპექტიული, მათ შორის, უცხოელებისთვისაც. ეს ღვინო საშუალებას იძლევა, დააყენო სხვადასხვა წესით, მათ შორის, ევროპული წესით, უფრო თხელი ღვინო გამოდის. იმდენად კარგი, რომ ბევრს უკვირს ტანინიან ცოლიკაურს რომ ნახულობენ.

- აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ციცქასა და ცოლიკაურის ცალ-ცალკე დასახელებამ, ზოგს მიაჩნია, რომ მათი ერთად დაყენებით უკეთესი ღვინო გამოდის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთად ჩავწეროთ ჩამონათვალში თუ ისევ ცალ-ცალკე დავტოვოთ?

- ჩემთვის ერთია, თუმცა მე ცოლიკაურს ცალკეც ვაკეთებ. ძალიან კარგი ღვინო გამოდის. შესაბამისად, ვიღაცისთვის ციცქა-ცოლიკაური შეიძლება არ იყოს ერთი ღვინო. ისვე როგორც, რქაწითელი და კახური მწვანე, კომბინაციაში მგონია, რომ ერთმანეთს გემური თვისებებით აუმჯობესებს. არსებობს ყურძნის ჯიშები, რომლებსაც ვერ შეუთავსებ, იმავე გორული მწვანესა და ჩინურს. არის მაგალითად, ასეთი - ხიდისთაური, რაც გორული მწვანისა და ჩინურით, თავკვერის ჭაჭაზეა დაყენებული. ამიტომ ღვინოების მითითებისას, შეიძლება ცალკეც იყოს ჩამონათვალში.

- უცხოელებს რომელი ქართული ღვინოები მოსწონთ?

- თუ ღვინისმოყვარულია უცხოელი, შეიძლება ხარისხიანი ღვინით ვერ გააკვირვო. მათ ყურადღებას ალბათ უფრო ისეთი ღვინოებით მივიქცევთ, რომელთანაც შეხება არ ჰქონიათ. ასეთია ქვევრის ღვინო და ტანინიანი. განსხვავებულია მისი დაყენების წესიც, რომელშიც უცხოელისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო დევს. ქვევრის ღვინო მათთვის ისე აღიქმება, რომ ის მიწაში ყენდება, ჭურჭელი მიწისგან კეთდება, რადგან თიხაც მიწააა და მიწაში დაყენებულ ღვინო არის კარგი! და აქედან სწორედ ეს შთაბეჭდილებაც მიჰყვებათ.

მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი ღვინოების პერსპექტივა მხოლოდ ამ სახეობებშია, ვფიქრობ, იმერული ღვინოების პერსპექტივა ბაზარზე ჯერ კიდევ დაუფასებელია. როცა ევროპული წესით დაყენებულ ღვინოებზეა ლაპარაკი, იმერული შეიძლება უფრო მისაღებიც გახდეს, ვიდრე კახური ღვინოები. როგორც იმერელს, მე ამის მჯერა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება

სექტემბრიდან საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა