ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.
36 წლის გიორგი ონიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. 2014 წლიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ამასთან, ის წლების მანძილზე იცავდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას და პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე მისი ადვოკატი იყო.
რაც შეეხება საქმეებს, რომლისთვისაც გიორგი ონიანს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი "რემბოს" დაკავებაც.
ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე, პოლიციამ 2011 წლის 17 ოქტომბერს დააპატიმრა. არსებული ინფორმაციით, მდინარაძე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ "ქართული ოცნების" ემბლემიან მაისურებს არიგებდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, მისი დაკავების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ "რემბო" ნარკოტიკების შეძენის გამო დააპატიმრეს. დიჯეი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო და ბიძინა ივანიშვილის რეპერი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი. ამასთან, მდინარაძე თბილისის ახლად არჩეულ მერთან, კახა კალაძესთანაც მეგობრობდა.
დაკავებულ მეგობარს ბერა ივანიშვილმა მაშინ სიმღერაც კი მიუძღვნა: "ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევთ, ვერ წაგვართმევთ იმას, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ, სიყვარულს და ერთგულებას, ეს თქვენთვის უცხოა..." დაიჭირეს რემბო, ლევან, შენთან ვართ!".
რაც შეეხება კიდევ ერთ დაზარალებულს, რომლის საქმეზეც ონიანს პატიმრობა მიესაჯა, "დუო-პრინტის" ყოფილი მენეჯერი დავით შათირიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და იხსენებს:
"7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მე მასთან ვთანამშრომლობდი. მოგეხსენებათ "დუო-პრინტი" მაისურებზე ბეჭდავდა და ბანერებიც ჩვენ გვქონდა ჩაბარებული, სწორედ ამიტომ მოხდა ჩემი დაკავება. გიორგი ონიანი იყო ცნობილი ზონდერი, ჩემი დაჭერაც სწორედ მას დაავალეს, ამიტომაც იგი მოვიდა ჩუღურეთის ტერიტორიაზე და იქ ჩაატარა ოპერაცია. ის აბსურდული დანაშაული, რაც მე დამბრალდა, მინდა გაირკვეს და საზოგადოებამ გაიგოს, რომ მე დამნაშავე არ ვარ, დამნაშავეა ის ადამიანი, ვინც მე დამაკავა. მოსამართლემაც და პროკურატურამაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის დამნაშავე. სიმართლე ჩემს მხარეზეა", - განაცხადა დავით შათირიშვილმა.
შეგახსენებთ, ადვოკატ გიორგი ონიანს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.