ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ის ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში და მას შემდეგ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჩარკვიანის ოჯახს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ცნობილი პოეტი მალე გამოჯანმრთელებული დაბრუნდებოდა სახლში და კიდევ ბევრ ლექსს აჩუქებდა თავის მკითხველს...
როგორც ცნობილია ჯანსუღ ჩარკვიანი მეუღლესთან ირმა ჩხეიძესთან ერთად პეკინის ქუჩაზე, დიდი ისტორიის მატარებელ სახლში ცხოვრობდა. გთავაზობთ ფოტომასალას პოეტის სახლიდან, ასევე რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუს ჩარკვიანების ოჯახთან, რომელსაც Shin.ge ავრცელებს.
თაკო ჩარკვიანი:
- აქ რასაც ხედავთ, ყველა მამას მეგობრების ნაჩუქარია, ზოგიერთი მათგანი საავტოროა, ზოგი - სამახსოვრო. შეხვდებით დიდი ზურა ნიჟარაძის, ელიჩკა ახვლედიანის, გიკა მირზაშვილის, დიმა ერისთავის, ტიტე შეყილაძის, ნოდარ მალაზონიას, ოჩიაურის, გულდა კალაძის (ჩემი ნათლიის) და სხვა გამოჩენილი, თუ დამსახურებული ადამიანის ნამუშევრებს... გულდას სადიპლომო ნამუშევარი "შემოდგომა" ჩვენთან ინახება. დედა ამბობს, მინდა ავუსრულო ის სურვილი, რაც სიცოცხლეში ვერ განახორციელა - ძალიან უნდოდა, რომ ეს ბრინჯაოში ჩამოესხა და იქნებ ჩვენ მაინც მოვახერხოთო... ეს გახლავთ გულდას დედის, თამარ აბაკელიას უიშვიათესი, მელანში შესრულებული კოსტიუმი ქართული ცეკვისთვის. აქვეა ლია სვანიძის "ზამთარი". ლია ჩვენი მეზობელი იყო, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. ვიდრე ახალ-ახალი შენობები წამოიჭიმებოდა, ჩვენი სახლის ფანჯრიდან ზუსტად ასეთი ხედი იშლებოდა, როგორიც ლიას ნახატზეა. ეს გახლავთ ვახტანგ ონიანის "სვანეთი". პატარაობისას ვერ აღვიქვამდი ამ ნამუშევარს, ცოტა მაშინებდა კიდეც. მერე კი მივხვდი, საკაცობრიო სიმარტოვე მაშინებდა... აქვეა დიმა ერისთავის ნამუშევარი, რომელსაც "გაზაფხული" კი ჰქვია, მაგრამ მე ცოტა სხვა ასოციაციას აღმიძრავს, თითქოს რაღაც მიდის, რაღაც მოდის...
ერთი პერიოდი სადღაც საბურთალოზე ჩუბჩიკას და დიმა ერისთავს ერთად ჰქონდათ სახელოსნო, მამას მივყავდი ხოლმე, დიმა ჩემს პორტრეტს ხატავდა მელანში და საათობით მიწევდა იქ ჯდომა, ესენი კი კარგ დროს ატარებდნენ. დღეს ტკბილად მაგონდება, რომ მქონდა საშუალება, დიდი მხატვრის, დიმა ერისთავის სახელოსნოში შინაურულ გარემოში მეთამაშა... ეს ლია სვანიძის მიერ შექმნილი ჩემი პორტრეტია. ამ კედლებზე ჩემს და ჯანსუღის პორტრეტებს მრავლად ნახავთ... აი, ეს რეზო ადამიას ნამუშევრების კუთხეა, გვაჩუქა და ადგილიც თავად შეურჩია. დედას ცოტა სხვანაირად ჰქონდა განაწილებული, მაგრამ ავტორის სურვილითა და თხოვნით გადააადგილა... საინტერესო გალერეა აქვს ჯანსუღს, ხშირად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ გამოფენა გაგვეკეთებინა, მაგრამ თავი ვერ მოება...განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტომასალა პოეტის სახლიდან