ისეთ პროგრამებს, როგორიც არის "გოჩა" და ა.შ, რომელსაც იყენებდნენ კამერების მოსატყუებლად, დიდი დატვირთვა აღარ ექნება და მძღოლებს ეს ვეღარ დაეხმარება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისი განმარტებით, მძღოლების ერთადერთი დახმარებაა, არ დაარღვიონ მოძრაობის წესები. "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას შს მინისტრის მოადგილემ, იმ პროგრამულ მხარეებზე ისაუბრა, რაც კამერას ჭკვიანს ხდის და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი მიდგომის მეშვეობით, ფატალური შემთხვევების რიცხვი შემცირდება.
"ანალიტიკურ პროგრამას, რომელიც კამერას ხდის ჭკვიანს, შესაძლებლობა აქვს, გამოითვალოს კამერასა და კამერას შორის მანძილი და მძღოლის მიერ ამ მანძილის დაფარვის სავარაუდო სიჩქარე. ისეთ პროგრამებს, როგორიც არის "გოჩა" და ა.შ , რომელსაც იყენებდნენ კამერების მოსატყუებლად, დიდი დატვირთვა აღარ ექნება და მძღოლებს ეს დახმარებას ვეღარ გაუწევს. მძღოლის ერთადერთი დახმარებაა, არ დაარღვიან მოძრაობის წესები, რაც ნიშნავს უფრო მეტ გადარჩენილ ადამიანს, ნაკლებ ავარიას, ნაკლებ დასახიჩრებულ ადამიანს და იმედია მძღოლები გაითვალისწინებენ ამ ახალ მიდგომას, რაც შს სამინისტრომ შეიმუშავა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.