ლუვრის აღორძინების ხანა საფრანგეთის რევოლუციას უკავშირდება. ნაპოლეონ ბონაპარტის მეგობარი, მხატვარი ჟაკ ლუი დავიდი პირველი იყო, ვინც მუზეუმის მხატვრული მნიშვნელობა განსაზღვრა და მის აღმზრდელობით დანიშნულებაზე მიუთითა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ლუვრი მოქალაქეებისთვის გაიხსნა და საჯარო სივრცედ იქცა
კაცობრიობის განვითარებაზე მუზეუმმა, როგორც საგანმანათლებლო სივრცემ, უდიდესი გავლენა მოახდინა. კოლექციონერობას სათავე ჯერ კიდევ 2000 წლის წინ დაუდო რომაელმა ორატორმა, მარკ ციცერონმა, რომელმაც შეგროვილ საგნებს "კოლექცია" უწოდა. როგორც ცნობილია, ციცერონს ხელნაწერთა და ხელოვნების ნაწარმოებთა მდიდარი კოლექცია ჰქონდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კოლექციონერობის იდეა, მის
სახელწოდებასთან შედარებით, ადრე ჩაისახა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა საგნის კოლექციები...
დღეს მოქმედ უდიდეს მუზეუმთა ისტორია XV-XVI საუკუნიდან იწყება. მათი ფორმირება, ძირითადად, XIX ს.-ში დასრულდა, როდესაც ხალხისათვის ხელმისაწვდომი გახდა მონარქთა კოლექციები.
"პალიტრა L"-ის პროექტი - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" იტალიური გამომცემლობისა და ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, დავირიოს წიგნების კოლექციაა, რომლის თარგმანზეც ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა იმუშავეს. მკითხველს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, რომელსაც ვერც ინტერნეტში იპოვით და ვერც ლიტერატურაში აღმოაჩენთ. პროექტის მნიშვნელობაზე მხატვარი გია ბუღაძე საუბრობს:
- ისტორიულად, ადამიანს ყოველთვის ჰქონდა შეგროვებისა და დაგროვებისკენ მისწრაფება - პირველყოფილი ადამიანებიც აგროვებდნენ ნივთებს, ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ, თუმცა, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე კოლექციონერობას განსხვავებული მიზეზები ჰქონდა. მაგალითად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე საუკუნეებში ათენის აკროპოლისში სურათების საცავი ფუნქციონირებდა, სადაც იმდროინდელი ნახატები და ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა, ცალკე სივრცე ეთმობოდა ქანდაკებებს, რომელსაც ძველი ბერძნები გლიფოტეკას უწოდებდნენ. სწორედ გლიფოტეკიდან მოდის სიტყვა "ბიბლიოთეკაც", ანუ წიგნების შესაგროვებელი სივრცე.
მუზეუმის სრულფასოვანი ფუნქციის ჩამოყალიბება რენესანსის პერიოდიდან იწყება. პირველი ასეთი სივრცე იტალიელმა მეცენატებმა ფლორენციაში შექმნეს და ის იტალიის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფლორენციას მალე მიჰბაძა დანარჩენმა ევროპამაც და ცალკე კოლექციების შეგროვება დაიწყეს რომის პაპმა, კარდინალებმა და მეფეებმა. მაგალითად, საფრანგეთის მეფის შეგროვებულ კოლექციად მიიჩნევა მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი - ლუვრი. ლუვრის აღორძინების ხანა საფრანგეთის რევოლუციას უკავშირდება. ნაპოლეონ ბონაპარტის მეგობარი, მხატვარი ჟაკ ლუი დავიდი პირველი იყო, ვინც მუზეუმის მხატვრული მნიშვნელობა განსაზღვრა და მის აღმზრდელობით დანიშნულებაზე მიუთითა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ლუვრი მოქალაქეებისთვის გაიხსნა და საჯარო სივრცედ იქცა. ფრანგებს შეეძლოთ, მთელი დღის განმავლობაში შედევრები დაეთვალიერებინათ და მნიშვნელოვანი სულიერი საზრდო მიეღოთ. ნაპოლეონის დამსახურებაა ისიც, რომ ეგვიპტეში კაცობრიობისთვის ღირებული და გასაოცარი ფაქტების თვალიერება შეგვიძლია - ის ეგვიპტიდან აურაცხელი რაოდენობის ხელოვნების ნიმუშებს საფრანგეთში გზავნიდა. სწორედ ამის წყალობით ლუვრი არა მხოლოდ საფრანგეთის, მსოფლიოს უნიკალური ნიმუშების თავმოყრის ადგილად იქცა. როდესაც ნაპოლეონი ინგლისთან დამარცხდა, კოლექციის ნაწილი დიდი ბრიტანეთის მუზეუმში წაიღეს - ასე შეიქმნა კიდევ ერთი გენიალური მუზეუმი დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი - ლონდონში. მანამდე იქ მხოლოდ ინგლისელი ფიზიკოსის, ჰანს სლოანის კოლექცია ინახებოდა.
- თქვენ მიანიშნეთ საზოგადოების განათლების პროცესში მუზეუმის როლზე. როგორია საქართველოში მუზეუმების კულტურა?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით მთლად ვერ ვაცნობიერებთ მუზეუმის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ მისასალმებელია პროექტი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები", რომელსაც "პალიტრა L" მკითხველს სთავაზობს. ეს უნიკალური ლიტერატურა თითოეულ მოქალაქეს დაეხმარება, გაეცნოს მსოფლიო შედევრებს, გაიგოს მათი შექმნის ისტორია და იქცეს არა მხოლოდ ინფორმირებულ ადამიანად, არამედ საკუთარი მსოფლმხედველობაც ჩამოიყალიბოს.
რუსუდან შელია