ცნობილი წყვილის უცნობი ამპლუა - მსახიობების ფერმერული საქმიანობის შესახებ აქამდე არსად წაგიკითხავთ

ცნობილი წყვილის უცნობი ამპლუა - მსახიობების ფერმერული საქმიანობის შესახებ აქამდე არსად წაგიკითხავთ

ამ თემაზე არასდროს ულაპარაკიათ და უხარიათ, რომ ჩვენი ინტერვიუ არ დაიწყო­ მათთვის აქამდე ასჯერ დასმული შეკითხვით: "როგორ გაიცანით ერთმანეთი?"

ცნობილი წყვილი, ნიჭიერი მსახიობები - მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე მიწაზე შრომასა და საკუთარ გარემოზე ზრუნვის შესახებ - აგარაკზეც და თბილისის სახლის აივანზეც - გამოცდილებას გვიზიარებენ.

მაია დობორჯგინიძე: - საგურამოდან 5 წუთის სავალზე, კოტორაანთკარში, მამაჩემმა სახლი ააშენა. იქ ყოფნა ჩემთვის დასვენებაა, ქალაქის ხმაურიან გარემოსა და დაბინძურებულ ჰაერს ვშორდებით. კოტორაანთკარი მაღლობზეა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მთაში ვართ. ცვალებადი ჰაერია, ხანდახან მგონია, რაჭაში ვართ, არადა, თბილისთან ძალიან ახლოსაა.

გოგა ბარბაქაძე: - გვაქვს ალადასტური და ადესა... ვწურავთ ხან ცალ-ცალკე, ხანაც ერთმანეთში ვურევთ; შეიძლება ადესას თავკვერი შევურიოთ, უფრო ასქელებს და უკეთესი ღვინო გამოდის... გვინდა, ყველაფ­ერს ხელი შევავლოთ. შვილებსაც ვაჩვევ შრომას. უნდა იცოდ­ნენ, როგორ მოდის პომი­დორი, იზრდება და მწიფდება ვაშლი, ქლიავი...

მაია: - როცა გოგა რაღაცის კეთებას­ იწყებს, ბავშვებიც (9 წლის გაბრიელი და 3 წლის ბარბარე) ეხმარებიან - რწყავენ, რაც მოსაჭრელია, ჭრიან, ბალახს უვლიან... გოგას თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომ მე ვიტყვი. აგარაკზე დილით, როგორც კი იღვიძებს, ფუსფუსს იწყებს - სხლავს, ბარავს, თოხნის, მომჭკნარ ფოთლებს აცილებს. წლეულს ვაშლის კარგი მოსავალი გვქონდა და დახუნძლულ ტოტებს ამაგრებდა, რომ არ ჩამოტეხილიყო. უფრო დიდი ეზო რომ იყოს და გვეცალოს, მეტს გავაკეთებდით... მე სარეველა ბალახის მტერი ვარ, შემიძლია, საათობით ვიჯდე და სარეველებისგან ვწმინდო ეზო...

- ბავშვობაში გქონდათ ასეთი მიდრეკილება?­

გოგა: - კი. რაჭაში დავიბადე, ამიტომ სათიბშიც დავდიოდით, ვბარავდით, რაც სოფლის საქმეა, ბაბუასა და ბებიას თითქმის ყველაფერში ვეხმარებოდი. მე და ბაბუას ერთად ხარები მიგვყავდა. მოკლედ, ეს საქმეები ბავშვობიდან მიყვარს.

მაია: - შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ ჩვენს პატარა მამულში გვაქვს ყურძენი, რამდენიმე ჯიშის ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი. მე და გოგამ ბავშვების სახელზე ალუბალი და ბალი დავრგეთ. წლეულს ალუბალმა მოასწრო და რამდენიმე კუნწულაც გამოიბა, ანუ როგორც იტყვიან, ნიშანი მოგვცა, რაც ძალიან გვიხარია. ბლისა და ალუბლის ყიდვა გოგამ მოინდომა. საგანგებოდ ვიყიდეთ პოლონური ალუბალი. პატარა ხეა, მაგრამ ნაყოფს უხვად ისხამს. გოგამ წლეულს მყნობაც ისწავლა - მეგობარი დაეხმარა და ალუჩა კურკით ამოსულ ქლიავზე დაამყნო...

გოგა: - კურკაზე ამოსული ნერგი სუსტია, უნდა გაძლიერდეს. მყნობა ძნელი მეგონა, მაგრამ იოლი ყოფილა, გამომივიდა.

მაია: - მაღლობი რომ არის და ტემპერატურაც დაბალია, ყველაფერი ცოტა გვიან შემოდის, მაგრამ ძალიან გემრიელია.

გოგა: - შხამქიმიკატს არ ვურევთ, ნატურალურად მოდის ყველაფერი.

მაია: - გაისად მინდა, ბოსტანს მივხედოთ, მწვანილი დავთესოთ. რაც შეეხება ყვავილებს, სხვადასხვა ფერის ვარდები გვაქვს - ცირა ბებომ (გოგას ბებიამ, რომელიც ჩვენი, ყველას ბებოა) გაახარა.

- გავიგე, პომიდვრის მოსავალიც გქონიათ...

მაია: - მეგობარმა პომიდვრის ჩითილები მოგვიტანა, გოგამ დაბარა და ჩითილები კვლებში ჩავრგეთ. მოსავალი ცოტა გვიან კი მოვიდა, მაგრამ უგემრიელესი ვარდისფერი პომიდორი იყო. პირველი ყვავილი რომ გამოიტანა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიმწიფეში რომ შევიდა, გოგამ სარები შეუყენა და მიაბა. გაბრიელთან ერთად შრომობდა. ჰო, ხილისგან გოგა ჩირსაც აკეთებს...

გოგა: - ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა კიდევ ვიძენ გამოცდილებას. ხომ იცით, თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ...

- თბილისში ქოთნის ყვავილებსაც უვლით­.

მაია: - კი, ამითაც ვართ გატაცებული. აივანზე ქოთანში წიწაკებსაც ვახარებთ. დეკორატიული წიწაკა იისფერია, მერე გაყვითლდება, ხუთნაირად იცვლის ფერს და ბოლოს წითლდება. ზაფხულის სიცხეში რომ არ გაფუჭებულიყო, ქოთანი კოტორაანთკარში გვქონდა წაღებული... თუ მცენარეებს უვლი, ამ საქმეს ვერავის გადააბარებ. მცენარეებიც გრძნობენ პატრონს. კაქტუსებიც გვაქვს... როცა მცენარეებს ვარჩევ, მინდა, ყინვაგამძლე იყოს, რომ ოთახში შემოტანა და გატანა არ დასჭირდეს და მუდმივად ალამაზებდეს აივანს.

გოგა: - კურკით გავახარე ავოკადო, რომელიც სუპერმარკეტში ვიყიდე. ნაყოფი,­ ცხადია, მივირთვით და კურკა ყველა წესის დაცვით წყალში ჩავდე. გაღივებას დრო კი დასჭირდა, მაგრამ შედეგს მივაღწიე. კურკა რომ გასკდა და იქიდან პატარა მწვანე ღერო ამოვიდა, მიწაში გადავრგე.

მაია: - მივხვდი, რომ შენს მოყვანილ პროდუქტს - ხილს, ბოსტნეულს - არაფერი სჯობს. გაბრიელს სკოლაში ყოველ დილით ჩვენი ეზოს ვაშლს რომ ვატან, ძალიან მიხარია. ალბათ, თვითონ რომ უვლი ამ ყველაფერს, ენერგია გემატება.

მოკლედ, როგორც შეგვიძლია, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ბუნებაზე. ეს ზრუნვა შენი ეზოდან იწყება და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. როგორ დგამენ ამ დამღუპველ ნაბიჯებს, პარკის ნაცვლად კორპუსს როგორ აშენებენ?! როგორ შეიძლება! ყველაფერი ხომ არ უნდა გავყიდოთ?!

გოგა: - საქართველოს მოქალაქეები დასასვენებლად რომ გადიან და ბუნებაში ყოფნა მოსწონთ, თუ მას დააბინძურებენ და გაანადგურებენ, მერე სადღა დაისვენებენ?! ბუნებას რასაც გაუკეთებ, იმავეს დაგიბრუნებს - არ გაუფრთხილდები და არც ის გაგიფრთხილდება. ის ხომ ცოცხალია? ასეთი უდიერი დამოკიდებულება ბოროტებაა. ბუნება ჩემთვის ჯანმრთელობაა. შეუძლებელია, ცუდი ემოცია გამოიწვიოს, თუ მაინცდამაინც გამხმარი და გადამწვარი არ არის. როგორ შეიძლება გარემო არ მიყვარდეს - რაჭაში ვარ გაზრდილი... იქ, ეზოში, დიდი ბებიის დროინდელი კაკლის ხე დგას. იმხელა ფუღურო აქვს, ბებიაჩემის დედას მასში საქათმე ჰქონდა გაკეთებული.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

"როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს გაფრთხილებაა, ეს არის მოქცევა!" - პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებსა და ვირუსებზეც ჩაუტარდება