პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა დოკუმენტებს ამზადებს მის დასაკავებლად და შემდგომში საქართველოში ექსტრადირებისთვის.
"ამ დღეებში გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ჩემი დაკავებისა და შემდგომში საქართველოში ექსტრადირების მიზნით დოკუმენტების მომზადების პროცესი დაიწყო", - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერს იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემო, რაც შეუძლებელს გახდიდა მიხეილ სააკაშვილის დეპორტირებას ან ექსტრადირებას.