ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი (Björk) თბილისში დღეს დილით, გამთენიისას 12-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა.
არსებული ინფორმაციით, ის მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე კუთხეს ესტუმრება.
ორგანიზატორების განცხადებით, დღესვე თბილისში ჩამოფრინდება ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს, ბარნასონი ხვალიდან შეუერთდება. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.
ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.
კონცერტებს თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS წარმოადგენს.
ორგანიზატორების განცხადებით, ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).