"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა გორში ადვოკატებს შეხვდა.
დავით ლანჩავა რეგიონში მომუშავე ადვოკატების პრობლემებს გაეცნო და მათ თავისი პროგრამა - "ახალი ხედვა, ახალი შესაძლებლობები" წარუდგინა.
მისი განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციაში გასატარებელია ძირეული ცვლილებები, რათა ორგანიზაცია განვითარდეს და თანამედროვე გამოწვევებს აუწყოს ფეხი. დავით ლანჩავას თქმით, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" მიზანი უნდა იყოს, ადვოკატთა ჩართულობა, მათი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დამკვიდრება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც "ადვოკატთა ასოციაციის" წევრებმა დავით ლანჩავას პროფესიული კუთხით შეკითხვები დაუსვეს და ასევე, თავმჯდომარეობის არჩევნებში წარმატებები უსურვეს.
ადვოკატ გელა მამუკაშვილის განცხადებით, დავით ლანჩავას მიდგომები და ხედვები საწინდარია იმისა, რომ საქართველოს ადვოკატურა განვითარებული ქვეყნების მსგავსად ჩამოყალიბდება და სწორედ ამიტომ, ის კოლეგებსაც მოუწოდებს დავით ლანჩავას მხარდაჭერისკენ.
"დავით ლანჩავას დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიხარია, რომ ის აქტიურად ჩაერთო "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გამარჯვებისა და წინსვლისთვის დაწყებული ბრძოლა, ის ისედაც წარმატებული ადამიანია, წარმატებული ადვოკატია, საზოგადოების სანიმუშო წევრია, არამედ, ასევე მას უნდა, რომ წარმატების ეს მოდელი უფრო ფართოდ გავრცელდეს. მისი სახელმწიფოებრივი და პროფესიული მიდგომები საწინდარია იმისა, რომ ადვოკატურა ინსტიტუციონალურად განვითარდეს", - განაცხადა გელა მამუკაშვილმა.
ადვოკატ ბესიკ კაიშაურის განცხადებით კი, დავით ლანჩავას ახალი ხედვა ასოცირდება სიძლიერესთან და გვერდში დგომასთან, რაც აუცილებელია ადვოკატთა კორპუსის გასაძლიერებლად.
"საადვოკატო საქმიანობის 25-წლიანი სტაჟი მაქვს, მაგრამ "ადვოკატთა ასოციაციამ" წევრობა შემიწყვიტა ყოველწლიური საწევროს გადაუხდელობის გამო. გასაგებია, რომ გადასახადია, მაგრამ დამოკიდებულება იყო ძალიან არაეთიკური და არაადამიანური - ეკითხათ, იქნებ რა მიჭირდა, რა მჭირდა. ვიგრძენი რაღაც ძალა, რომელმაც ჯერ ერთი მესიჯის სახით მაცნობა, რომ გადასახდელი მქონდა და მეორე მესიჯით უკვე გამათავისუფლა. ჩვეულებრივად გავაგრძელე საქმიანობა, მაგრამ არ მქონდა შეგრძნება, რომ სტატუსის შეჩერებით რაღაც დავკარგე. დღეს კი დავით ლანჩავამ წარმოადგინა ახალი ხედვა, რომელიც ასოცირდება ოჯახურ სიმძლავრესთან და ითვალისწინებს ერთმანეთისადმი ზრუნვას. ეს არ არის მხოლოდ ნაღები, ერთეული ადამიანების ორგანიზაცია, რომლებიც სხვადასხვა კონფერენციაზე დადიან და არ ახსოვთ, რომ არსებობენ მათივე კოლეგები რეგიონებში. დავით ლანჩავას პროგრამით მე ვიგრძენი, რომ ის ქმნის ოჯახურ ორგანიზაციას და მას ვუსურვებ გამარჯვებას", - განაცხადა ბესიკ კაიშაურმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ლანჩავამ კოლეგებთან შეხვედრა შეაჯამა და განაცხადა, რომ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას" მეტი გამჭვირვალობა და გახსნილობა სჭირდება.
"ძირითადი პრობლემა გორშიც არის ის, რასაც ადვოკატები ზოგადად განვიცდით. ეს არის ერთიანობისა და კოლეგიალობის დეფიციტი. მაქსიმალურად ყველას სჭირდება ჩართულობა, რაც არ გაგვაჩნია და მათი წუხილიც სწორედ ის არის, რომ ისინი თავს გრძნობენ ადვოკატთა ასოციაციის გარეშე. ეს არის პრობლემა, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ და ვმუშაობთ, რომ გამოვასწოროთ. ამას სჭირდება ახალი მიდგომა, ახალი ხედვა და მეტი ჩართულობა. არა ჩაკეტვა ორგანიზაციის, არამედ მეტი გახსნა და გამჭვირვალობა", - განაცხადა დავით ლანჩავამ.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნები დეკემბერში გაიმართება.