1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ ჭკვიანი კამერები ჩაირთვება. ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმრთულებით მოძრაობას და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გავლას დააფიქსირებს.
როგორც "რადიო პალიტრის" გაცემაში "საქმე" სტუმრობისას, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა განაცხადა, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 3 000 ვიდეოკამერის მონტაჟია გათვალისწინებული. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე კი ვიდეოკამერა შვიდ დიდ ქალაქში დამონტაჟდება.
"მონტაჟთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპლექსური საკითხია. შესაბამისად, ვიდეოკამერები საჭიროებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მიყვანას კონკრეტულ წერტილამდე. ამიტომ, წლის ბოლომდე სრულად გადაიფარება შვიდი ძირითადი ქალაქი. რაც შეეხება, მთლიანად პროექტის ფარგლებში ვიდეოკამერების ჩართვას, ეტაპობრივად მოხდება სხვა ლოკაციებზე ამ კამერების ჩართვა. ასევე, რაც შეეხება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომელზეც რეაგირებას ახდენს ჭკვიანი ვიდეოკამერები, ძირითადად, ეს არის ყველაზე აქტუალური სამართალდარღვევები, რაც ყოველდღიურობაში გვხვდება. კერძოდ, კი ეს არის ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, წითელ შუქნიშანზე გავლა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალურ ტრანსპორტის ზოლში გადაადგილება და სიჩქარის გადაჭარბება", - განაცხადა არსოშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად სიჩქარის გადაჭარბებას, რასაც ე.წ ჭკვიანი ვიდეოკამერა დააფიქსირებს, გოგა არსოშვილის თქმით, ამ ვიდეოკამერას შეუძლია ასევე გამოთვალოს ავტომობილის საშუალო სიჩქარე.
"სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რის საშუალებასაც ე.წ. ჭკვიანი კამარები - ე.წ. სექციური რადარები იძლევა. ანუ, თუკი აქამდე მძღოლს შეეძლო შეენელებინა მოძრაობა კონკრეტული ვიდეოკამერის არეალში, ახლა უკვე სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა ცენტრალური ავტომაგისტრალი და ქალაქის ქუჩა დაყოფილი იყოს ე.წ სექციებად და ვიდეოკამერა თვლის ე.წ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საშუალო სიჩქარეს. ანუ, ის მომენტი, რომ მხოლოდ ვიდეოკამერის წინაშე შევანელეთ ჩვენ სიჩქარე, რა თქმა უნდა, ეს აღარ იქნება გათვალისწინებული ამ სისტემის მიერ და საშუალო სიჩქარეს სისტემა გამოთვლის", - აღნიშნა არსოშვილმა
აღნიშნული სიახლე შსს-ს პროექტის ფარგლებში "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ხორციელდება.