აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელი ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენამდე ორი თვით ადრე, მეხიკოში საბჭოთა დიპლომატს შეხვდა, რომელიც, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, КГБ-ს თანამშრომელი იყო. ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაჯაროებულ ერთ-ერთ დოკუმენტშია ნათქვამი.
დაზვერვის მონაცემებით, მეხიკოში საბჭოთა საელჩოს ტელეფონები იმ პერიოდში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ისმინებოდა.
"1963 წლის 28 სექტემბერს ლი ოსვალდი საბჭოთა საელჩოში იმყოფებოდა და კონსულ ვალერი კოსტიკოვს ესაუბრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა იმ ზარიდან, რომელიც 1 ოქტომბერს ოსვალდმა განახორციელა, როდესაც დარეკა საბჭოთა საელჩოში და ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ შეახსენა. მან ჰკითხა საელჩოს დაცვის წევრს, არის თუ არა რაიმე სიახლე "ვაშინგტონში დეპეშასთან დაკავშირებით". დაცვის წევრმა ოსვალდს უპასუხა, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა პასუხი ჯერ არ მოსულა", - ნათქვამია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში.
დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ კოსტიკოვი КГБ-ს აგენტი იყო.