თბილისის არჩეული მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე მის გუნდში იქნებიან, - ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.
კალაძე ამ ეპატზე არ ადასტურებს, თუ რა თანამდებობას დაიკავებენ ისინი და იქნებიან თუ არა ვიცე-მერები ხმალაძე და ბითაძე.
"ეს ადამიანები იქნებიან ჩემს გუნდში, თუ რა მიმართულებით, ამას უახლოეს პერიოდში ვაცნობებ საზოგადოებას. მთავარი ჩემი გუნდისთვის არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ვართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, საარჩევნო დაპირებებზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შექმნა აპლიკაცია, სადაც გაწერილია ყველა საარჩევნო დაპირება.
"ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც შეუძლია გადმოიწეროს ნებისმიერმა ადამიანმა. ამ აპლიკაციაში მოცემულია ყველა საარჩევნო დაპირება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებმა გვაკონტროლონ თუ როგორ შესრულდება ის პროექტები, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს იყო გაჟღერებული", -აღნიშნა კალაძემ.