შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება 112-ში იმაზე ადრეა შესული, ვიდრე სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით ცხელ ხაზზე თავად ადგილობრივმა მოქალაქეებმა დარეკეს.
"112-დან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე შეტყობინება 16:59:18 საათზე განახორციელა. ამავე თემაზე, აღნიშნული მისამართიდან, მომდევნო ზარი მოქალაქის მხრიდან, "112"-ში 16:59:50 საათზე დაფიქსირდა.
საპატრულო პოლიციის მიერ "112"-ში ზარის დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა", - აცხადებენ შსს-ში.
თავად ნუცუბიძეზე მომხდარი შემთხვევის თვითმხილველთა ნაწილის მტკიცებით, თავდაპირველად სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოსაძახებლად 112-ში თავად დარეკეს.