ჟურნალ ”გემრიელიას” მიერ ორგანიზებულ #CHEFმარკეტერის ტრადიციად ქცეულ მორიგ კულინარიულ შეჯიბრებას ლაუნჯ-რესტორანმა ”აკადემიამ” უმასპინძლა. ღონისძიებაში სხვადასხვა ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თავისი გემოვნებითა და ფანტაზიით მომზადებული, ლამაზად გაფორმებული და გემრიელი კერძები შემოგვთავაზა.
იხილეთ ვიდეო
”ლიბეროს”, ”ლუტეციას”, ”უნიქარდის”, ”არტთაიმის”, ”შტორმარკ გრუპის” და ”სილქნეტის” წარმომადგენლებმა დაკისრებულ დავალებას თავი კარგად გაართვეს და კარგადაც იმხიარულეს. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, რომელთა შორისაც იყვნენ ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” შეფმზარეული, გიორგი არსანიძე, იტალიელი შეფმზარეული, ენცო ნერი და ჟურნალ ”გემრიელიას” წარმომადგენელი, თამთა დადეშელი, გამარჯვება წილად ერგო კომპანია ”უნიქარდის” პიარმენეჯერს, ანა კოშაძეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს #CHEFმარკეტერის ფინალურ შეჯიბრებაში.
ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” შეფმზარეულმა ღონისძიების სტუმრებს სალათა ”ცეზარის” განსხვავებული ვერსიის, ”ლურჯი ცეზარის” მომზადების მასტერკლასი ჩაუტარა, რამაც მონაწილეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეჯიბრების არცერთი მონაწილე არ დარჩენილა საჩუქრის გარეშე, ყველამ მიიღო ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიისგან” 10%-იანი ფასდაკლების ბარათი და პალიტრა L-ის გამოცემული კულინარიული წიგნები. გამარჯვებულსა და ჟიურის წევრებს გადაეცათ ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” ვაუჩერი – ლანჩი ორ პერსონაზე.
”ჟიურის წევრის ამპლუაში ყოფნა საინტერესო იყო, კრეატიული ადამიანების გაცნობაც, ახალი იდეების ნახვა და შეფასება. ვფიქრობ, ”აკადემია” ამ ღონისძიებისთვის ძალიან საინტერესო ადგილი გამოდგა. ლამაზი და მყუდრო გარემოა, დიდი სამზარეულო აქვთ, რაც ძალიან მომეწონა და მზარეულებისთვის ეს ფუფუნებაა”- ენცო ნერი, ჟიურის წევრი.
”ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მართლა ძალიან კარგი იყო! ნამდვილად არ ველოდი, რომ გამარჯვებული გავხდებოდი, რადგან კულინარიაში გამოცდილება არ მაქვს და ეს ჩემი ძლიერი მხარე არ არის. თუმცა, ძალიან ჩავერთე, მოვინდომე და მიხარია, რომ მოიწონეს”- ანა კოშაძე, შეჯიბრების გამარჯვებული.
”მოხარული ვარ, რომ ჟურნალ ”გემრიელიას” და მისი მეგობარი კომპანიების ეს სახალისო ღონისძიება ჩვენს რესტორანში ჩატარდა და ასეთ შესანიშნავ მონაწილეებს ვუმასპინძლეთ” - ნინო ბეკოშვილი, ლაუნჯ-რესტორან ”აკადემიის” დირექტორი.
იხილეთ ვიდეო
თამთა დადეშელი