ულამაზესი ქართველი მსახიობი და მხატვარი ლიკა ქავჟარაძე დღეს 60 წლის გახდებოდა... ის საკუთარ იუბილემდე ორი კვირით ადრე, 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა 14 ოქტომბერს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს...
"ნატვრის გოგონა" 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ის 12 წლის იყო, როცა მოკლემეტრაჟიან ფილმ "შადრევანში" გადაიღეს. შემდეგ იყო: "როცა აყვავდა ნუში", "მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა, თუმცა კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მას თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
გთავაზობთ მსახიობის ძველი ინტერვიუებიდან ამონარიდებს, რომელიც kvirispalitra.ge-მ 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა:
"წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? - არა, არასდროს ვყოფილვარ. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი...
მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, "ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
იური მეჩითოვის ფოტო, 1992 წელი
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, ლიკამ ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონის "ირიდას" დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით, ასევე გატაცებული იყო მხატვრობით.
საზოგადოებაში ის მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა, არსებობს უამრავი საკითხი რაზეც მსახიობი არ ლაპარაკობდა, თუმცა როგორც ამბობენ, მისი ცხოვრება მუდამ სავსე იყო დრამატიზმით.
რას აღარ ამბობდნენ მასზე... ჰყვებოდნენ, რომ ოდესღაც ახალგაზრდობაში პრეფერანსის თამაშით იყო გატაცებული და დიდი თანხა წააგო, რის გამოც საშინლად ნერვიულობდა, თუმცა შემდეგ თანხა არ გამოართვეს - ლიკას ფულს როგორ გამოვართმევთო... ამბობენ, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაეწყო დეპრესიები... თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ ლიკას ხშირ დეპრესიებზე და თხზავდნენ ამ დეპრესიების მიზეზებს.
არავინ იცის, სად მთავრდებოდა ამ ამბებში სიმართლე და სად იწყებოდა ლეგენდა... ის-ის იყო, მინელდა მასზე ჭორაობა და ლიკამ თავად გამოიწვია ის, როდესაც თამამი ნაბიჯი გადადგა და თავისზე ბევრად პატარა ბიჭს გაჰყვა ცოლად. ამავდროულად მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ ფილმში.
ლიკა განსაკუთრებულად იხსენებდა ბავშვობის წლებს. როგორც ამბობდა, დედას მუდამ ყურადღების ცენტრში ჰყავდა, მუდამ აკონტროლებდა რას აკეთებდა გოგონა. ის შვილის ადრეულ ასაკში დაოჯახების წინააღმდეგიც იყო. 15 წლის იყო, როცა ჩოგბურთზე მიმავალს სანდრო თაქთაქიშვილი - მომავალი მეუღლე შეხვდა. სწორედ პირველი ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი - ლევანი.
"გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია... 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით", - ამბობდა მსახიობი ჟურნალ "ცხელ შოკოლადთან" ინტერვიუში.
ლიკა ქავჟარაძე იური მეჩითოვის ობიექტივში
"ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.
გთავაზობთ მსახიობის ფრაზებს სხვადასხვა ინტერვიუდან:
"ყველაფერი, რაც ადრე გამიკეთებია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი რაღაცისგან გამოწვეული იყო - რაღაც დაუკმაყოფილებლობის გამო, რაღაცის ასანაზღაურებლად. ამიტომ, შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. ახლა ეს აღარ მაწუხებს... მორჩა"!
"ისევ შენ თვითონ უნდა იპოვო გამოსავალი. აუცილებლად უნდა დაკავდე, ის საქმე აკეთო, რაც გსიამოვნებს და ცხოვრებას სხვაგვარად შეხედო".
"სიყვარულისთვის საზღვრები და ადგილები არ არსებობს. ის მაშინ მოდის, როცა უნდა. რაც წლები გემატება, სიყვარული უფრო ღრმა, ტკბილი და სასიამოვნოა. შესაძლოა, ნაკლებად ბობოქარი და თავქარიანი, მაგრამ ძალიან ნამდვილი".
ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი
მთავარი ფოტო: ჟურნალი "სითი"