მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ "კაპოტზე", - ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მეჭიაურის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა.
"ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ "კაპოტზე", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაურის ადვოკატის, მინდია შეთეკაურის განცხადებით, ამის შემდეგ საოლქო კომისია იძულებული გახდება შემაჯამებელი ოქმები იმ მონაცემების საფუძველზე გამოსცეს, რომელიც საუბნო კომისიებიდან მიიღო.
"სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, თავიდან გადათვლიდა ბათილ ბიულეტენებს და გააყალბებდა შედეგებს. რაც შეეხება საიას-ს და თამაზ მეჭიაურის ერთობლივ სარჩელს, ამის განხილვის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაუქმებულია დავის საგანი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ის აქტები გააუქმა, რომლის გაბათილებასაც ვითხოვდით", - განაცხადა მინდია შეთეკაურმა.
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.