ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მაზლი, რომელმაც ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
თავის მხრივ, გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, რამინ გურასპაშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი განცხადებით, ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე დღე სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად, მასსა და ოჯახის სხვა რომელიმე წევს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მკვლელობის ეჭვს საფუძვლიანს ხდის. რამინ გურასპიშვილის ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, რაშიც მისი ძმა, გია გურასპიშვილი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად მონაწილეობდა.
მკვლელობის ვერსიას არც გამორიცხავს და მასზე არც გადაჭრით საუბრობს 24 წლის ქალის დედა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ნანა ნაქევხრიშვილმა განაცხადა, მას ამ ეტაპზე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ გააჩნია, რადგან მასთან ბოლო დროს ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა. რაც შეეხება მომხდარში გარდაცვლილის მაზლის შესაძლო ბრალეულობას, 24 წლის ქალის დედას გამოძიების დასრულებამდე მედიასთან საუბარი არ სურს.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკძალვის დღეს, მისი მაზლი გია გურასპაშვილი, თანასოფლელებმა ხეზე ჩამოკიდებული ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა მოახერხეს. გია გურასპიშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. იგი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, გია გურასპიშვილი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს საავადმყოფოში, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ.
უწყებაში ორივე საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.