თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, "ახალი საქართველო" საარჩევნო ბარიერს გადალახავს და საკრებულოში შევა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, შედეგები, რომელიც საარჩევნო კომისიებში დაიდება, ეგზიტპოლებისგან რადიკალურად განსხვავებულია და სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო"-მ გაცილებით მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ეს ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული.
"სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ საარჩევნო მაიმუნობის პროცესში. მე მეტი არაფერი შემიძლია ვუწოდო იმ პროცესს, რაც ხდება ამ წუთებში. პირველი ეგზიტპოლი, რომლის შედეგებიც მოვისმინეთ, მეორე ეგზიტპოლი, რომელიც სრულიად განსხვავდება და შედეგები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო უბნებიდან სრულიად განსხვავებულია ამ ყველაფრისგან. სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ საკრებულოში, ჩვენ გადავლახეთ ბარიერი და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მათ შორის "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლები, გახდა მთავარი მანიპულაციის საგანი ამ არჩევნებზე. უბნის მონაცემები რაც მოდის, არათუ გადალახული გვაქვს ბარიერი, არამედ რამდენიმე ადამიანით შევალთ საკრებულოში და მე ძალიან გული მწყდება, რომ დღემდე საქართველოში არჩევნები გახდა ფულის გადახდის, ფულით მოსყიდვის და ფულით მუშაობის საგანი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მერობის კანდიდატი "ქართულ ოცნებას" და ცესკოს მიმართავს, არ მიითვისოს მათი ხმები. "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ თბილისელს, ჩვენ შევთავაზეთ სრულიად სხვა პერსპექტივა, მაგრამ ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ გაყალბება, დაუბალანსებელი უბნები, ხმებს ვერ აბალანსებენ ელემენტარულად საარჩევნო უბნებზე. ზოგიერთ უბანზე დათვლა არ არის დაწყებული. როგორ ვთქვა რომ ამომრჩეველმა საერთოდ მხარი არ დაგვიჭირა, იმ პირობებში, როცა არც ერთი ხმა არ არის დათვლილი. მივმართავ "ქართულ ოცნებას" და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - არ გაბედოთ, ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენი ხმები გადაიფორმოთ თქვენს თავზე! აბსოლუტურად მშვიდად გეუბნებით, ახლა ვარ მშვიდი, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება არ ვიყო ასეთი მშვიდი, ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.