საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხმალაძის განცხადებით, არსებობს ერთადერთი მოდელი, რა შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება - ეს არის ამერიკული, ანუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი.

"ნებისმიერი სხვა მოდელით, როგორც სააკაშვილს, ისე სხვა ნებისმიერს, შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის განსხვავებას, ეს შეიძლება ტექნიკური შეცდომა ან მიზანმიმართული ნაბიჯიც იყოს", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების თარიღად კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ინგლისურ ვერსიაში 2013 წელია დასახელებული, რაც ქართულ ვერსიაში არ წერია.

"ასევე, შევადარე და განსხვავებაა 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების თარგმანშიც. ქართული ვერსიის მიხედვით, სინამდვილეში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ნორმები უცვლელი დარჩა და პრემიერი კვლავ ვალდებულია პრეზიდენტის წინაშე, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი ემიჯნება მთავრობას", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქართულ ვერსიაში რომ 2013 წელი დაფიქსირებულიყო ახალი კონსტიტუციის ამოქმედების თარიღად, ქართულ საზოგადოებაში დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. სამაგიეროდ, ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს უცხოელებისთვის ამის თქმა არ მოერიდათ.

ამასთან, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია ეჭვქვეშ აყენებს იმ საკითხსაც, რომ ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის საბაზისო პროექტი მოიწონა.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში, საქართველოსთან ერთად, სიტყვა დათმობილი აქვს მთელ რიგ ქვეყნებს.

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს შესახებ დამატებით მხოლოდ ის წერია, რომ კონსტიტუციის საბაზისო პროექტის თაობაზე მოხსენება გააკეთა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრა ვენეციის კომისიამ 4 ივნისს გამართა, 5 ივნისს კი გაიმართა კომისიის პლენარული სხდომა, სადაც კომისიის იუბილე აღინიშნა. შესაბამისად, ორ დღეში დადებითი დასკვნის გაკეთებას კონსტიტუციის პროექტის შესახებ ვენეციის კომისია ვერ შეძლებდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე