"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა. ბიბილაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და იმ საკითხზე განმარტებებს სთხოვს, რომელიც ეხება საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმებას.
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეების არჩევნებზე მიყვანას იძულებით აპირებს.
"ბოლო კვირების განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით, როგორ აგროვებდა "ქართული ოცნება" ორგანიზებულად იმ ადამიანების სიებს, ვინც დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სკოლებში, ბაღებში და ზოგადად ადმინისტრაციულ სექტორში. ჩვენ პრევენციულად გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული, რომ ისინი მაქსიმუმ, 12:00-13:00 საათამდე უნდა გამოცხადებულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რომ შემდგომ "ქართულ ოცნებას" საშუალება ჰქონოდა, ის ხალხი, ვინც არ გამოცხადდებოდა უბნებზე, ძალდატანებით, იძულებით მიეყვანა 20:00 საათამდე.
დღეს, "ქართული ოცნების" აქტივისტები იდგნენ სარეგისტრაციო მაგიდების უკან, ახდენდნენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას იმ მიზნით, რომ მოეხდინათ ზუსტად იმ სიების გადამოწმება, რაც "დაბევებული" იყო "ქართული ოცნების" მიერ.
გავიდა 2 საათი და ცესკო-ს რეაგირება არ ჰქონია, ამიტომაც მოვედით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შესახვედრად", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ზაზა ბიბილაშვილი ცესკო-ს შენობაში უკვე შევიდა.
საკითხთან დაკავშირებით ცესკო-ში ცოტა ხნის წინ განმარტება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, "დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება".