შპს ”iphone+”-ის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მამუკა მარღიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადება ”აიტექნიკსა” და ”აიფონ პლიუსს” შორის განვითარებულ მოვლენებს ეხება.
”ბოლო პერიოდში ”აიტექნიკსა” და ”აიფონ პლიუსს” შორის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორივე მხარე შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე დავასრულოთ მორიგებით.
დავის მიმდინარეობის პერიოდში, ჩემს მიერ არაერთი განცხადება იყო გავრცელებული, რაც განპირობებული იყო იმ კრიტიკული, დაძაბული ვითარებით, რაც თან ახლდა საქმის მიმდინარეობას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ჩემი განცხადებები სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ, რაც უნებლიედ გადადიოდა პიროვნულ შეურაცხყოფაში. ძალიან ვწუხვარ, ყოველივე ამის გამო და მინდა პირადად ბოდიში მოვუხადო ვალერიან ცერცვაძეს. ჩემს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა მისი პიროვნული შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ განცხადების გაკეთების დროს ჩემს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიმაჩნდა, რომ ჩემი კომპანიის წინააღმდეგ იკვეთებოდა გარკვეული ინტერესები მისი მხრიდან, რასაც შესაძლო იყო გავლენა მოეხდინა სასამართლოზე, თუმცა ეს გარემოებები რაიმე მტკიცებულებით არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ვალერიან ცერცვაძეს და მინდა აღვნიშნო, რომ მის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიებს შორის ურთიერთობა მიიღებს ცივილურ სახეს და ჩვენს შორის ურთიერთობები წარიმართება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში”, – ნათქვამია მარღიშვილის განცხადებაში.
თავის მხრივ, iTechnic-ის ადმინისტრაციაშიც მიესალმებიან, რომ დავა შეთანხმების გზით გადაწყდა.
”შეთანხმების თანახმად სასამართლომ შპს აიპლუსს დაავალა დომეინის www.iTechnics.ge აიტექნიკისთვის გადაცემა და შეურაცმყოფელ განცხადებებზე ბოდიშის საჯაროდ მოხდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავა შეთანხმების გზით გადაწყდა და მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული კომპანია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ახორციელებდეს თავის საქმიანობას”, - განაცხადეს iTechnic- ის ადმინისტრაციაში.