მარნეულის მცხოვრებლების ნაწილის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში, "ქართული ოცნების" შტაბში გუშინ მომხდარი შემთხვევა "უფრო ბიზნესთან დაკავშირებულ დაპირისპირებას უკავშირდება, ვიდრე პოლიტიკას".
პირად საუბრებში ადგილობრივთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს, რომელიც გუშინდელი თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა, "გარკვეული ბიზნესები აქვს". ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად ასახელებენ ცალკეულ ქონებასთან დაკავშირებულ დავას, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
ამასთან, სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებლები წუხელ ღამით, "ქართული ოცნების" შტაბზე მომხდარი თავდასხმის ახალ დეტალებს ყვებიან. მათი ინფორმაციით შტაბზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ორმა პირმა განახორციელა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, არსებული ცნობით, თავდამსხმელები "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.
რაც შეეხება ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავს ეტყობა ნატყვიარი.
წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი საავადმყოფოში რჩებიან. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.