სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებლები წუხელ ღამით, "ქართული ოცნების" შტაბზე მომხდარი თავდასხმის ახალ დეტალებს ყვებიან. მათი ინფორმაციით შტაბზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ორმა პირმა განახორციელა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, არსებული ცნობით, თავდამსხმელები "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.
რაც შეეხება ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავს ეტყობა ნატყვიარი.
ამასთან, მარნეულში, საავადმყოფოში რჩებიან წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე იხილეთ: შსს-ს განცხადება ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე და ფოტოები შემთხვევის ადგილიდან