მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო.
იხილეთ ვიდეო: კადრები ყიზილაჯლოდან, სადაც წუხელ "ქართული ოცნების" შტაბის ტერიტორიაზე 4 პირი დაჭრეს
რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება, თუმცა ასევე კლინიკაში რჩება კიდევ ორი დაშავებული.
"ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა ასეთია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, საბედნიეროდ, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება, ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრდა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დაშავებულების მონახულების შემდეგ.