რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს უჩვეულო, მრავალფეროვანი კანდიდატებით ხვდება. წინასწარი გამოკითხვებით, სასურველ კანდიდატებს შორის პუტინი ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატებს, გამარჯვების შანსი ცოტა აქვთ. რუსეთის პრეზიდენტობის მსურველებს შორისაა არაორდინალური და სკანდალურ პერსონა ქსენია სობჩაკი, რომელიც რუსეთის მაღალ საზოგადოებაში და ბოლო ხანს უკვე პოლიტიკურ ელიტაში, საკმაოდ მიღებული პერსონაა... რუსულ (და არა მარტო) საზოგადოებას მისი ჟურნალისტობის დროინდელი არაერთი თამამი ქცევა და გამოსვლა ახსოვს, რომელიც მან შემდეგ, ელიტარულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის შესანიშნავად გამოიყენა, რადგან არაპროგნოზირებადი და ექსტრაგავანტული ადამიანის იმიჯი შეიქმნა...
36 წლის სობჩაკი, როგორც ჩანს, დიდ რუსულ პოლიტიკაში მოხვედრას ჯერ კიდევ წლების წინ უმიზნებდა და წინაპირობებსაც იქმნიდა, - მან საზოგადოებრივი აქტიურობით დაიწყო და თანდათან, ოპოზიციონერ აქტივისტად ჩამოყალიბდა... როგორც რუსულ საზოგადოებაში ამბობენ, - ქსენია სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის "ნებიერა ქალიშვილია" და შესაბამისად, საკმაოდ კარგი გავლენები და კავშირები აქვს, ზოგი მისი, პირადი, ზოგიც, მამის მერობის დროინდელი... ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მან მთელი რუსეთი და არამარტო რუსეთი აალაპარაკა, როდესაც თავისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა.
რუსული მედიის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარიერული წინსვლა, სწორედ ქსენია სობჩაკის მამის, ანატოლი სობჩაკის სახელს უკავშირდება, ეს ეხება ფინანსურ მხარდაჭერას და ადამიანურ რესურსს, - ანატოლი პუტინს ფეხზე დადგომაში აქტიურად ეხმარებოდა, რასაკვირველია, შემდეგ, მან ამ "გრძელვადიანი ინვესტიციისთვის" შესაბამისი დივიდენდებიც მიიღო, - 1991-96 წლებსა და შემდეგაც, მისი ბიზნესი რუსეთში საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა...
ქსენია სობჩაკმა 18 ოქტომბერს თავის ვებსაიტსა და ინსტაგრამზე დადო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკვე ხუთი წელია, ოპოზიციონერებსა და "ათიათასობით ადამიანთან" ერთად გამოდის მიტინგებზე და რუსეთში რეფორმებს მოითხოვს, თუმცა, მისივე თქმით, წლებია, რუსეთში ცვლილებები არ ყოფილა და ამ ინერციით თუ გაგრძელდა, არც არასდროს მოხდება...
"ეს ქვეყანა ისევ ქურდებისა და კორუმპირებულების არის, რომლებიც ისევ და ისევ ატყუებენ ხალხს. ძალაუფლების მქონე პერსონები კი ისევ იპარავენ" - ამბობს ტელეჟურნალისტი, რომლის თქმითაც ქვეყნისთვის ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას სლოგანიც საკმაოდ თამამი აქვს, - "ქსენია სობჩაკი - კანდიდატი ყველას წინააღმდეგ".
უფრო ადრე, ის ადგილობრივ პრესასთან საუბარში აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინი, როგორც ადამიანი ესიმპატიურებოდა, თუმცა, როგორც პოლიტიკოსი - აღარ. ამის მთავარი მიზეზი კი, საკადრო ცვლილებების განუხორციელებლობა იყო. თუმცა, იმასაც ამბობდა, რომ "როდესაც მამამისს გაუჭირდა, ვლადიმირ პუტინი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მას ბოლომდე გვერდით დაუდგა და სიტუაციიდან გამოიყვანა." მას არ დაუკონკრეტებია, რომელ გაჭირვებას გულისხმობდა. ძველ ინტერვიუებში ასევე აღნიშნავდა, რომ პოლიტიკაში წასვლის შემოთავაზაბები ჰქონდა, თუმცა, "ედინნაია როსიას" წევრობა, დუმაში ჯდომა და ღილაკზე თითის დაჭერა აღარ ხიბლავდა".
მართალია, ქსენია სობჩაკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე, რუსეთში ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ალაპარაკდნენ, მაგრამ პოლიტიკოსების უფროსმა თაობამ რუსეთის პრეზიდენტობის ახალგაზრდა მსურველზე საკმაოდ უხეშად, უფრო სწორად, უხამსადაც იხუმრა. მათი თქმით, "ნიკოლოზ მეფის რუსეთს ყველაფერი უნახავს, აქამდე..." ისე კი, რუსული მედიის ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ სობჩაკი, კრემლთან შეთანხმებით გააქტიურდა... თავად სობჩაკი ამას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, შემდეგ, ტელეარხ "დოჟდთან" საუბრისას აღიარა, რომ გარკვეული დროის წინ, შეხვდა პუტინსა და თავისი გეგმების შესახებაც ესაუბრა...
"მან მითხრა, რომ ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას და საკუთარ საქციელზეც თავად აგებს პასუხს,"- ამბობს ტელეწამყვანი, რომლის თქმითაც რუსეთში პუტინის, ზიუგანოვისა და ჟირინოვსკის დრო უნდა დასრულდეს.
ვინაიდან თავად პუტინი 2018 წლის არჩევნებისთვის თავისი კანდიდატურის გამოცხადებას არ ჩქარობს, ამიტომ რუსული მედია ვარაუდობს, რომ ეს მართლაც მისი პროექტია... თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ის ნავალნის პოლიტიკური ბანაკიდან არის;
"ისეთი ადამიანები, როლებიც სიმპატიით არიან განწყობილი ოპოზიციის იმ ლიდერების მიმართ, ვისაც "გაზპრომი" აფინანსებს ან სულაც სახლში დივანზე ზის და ისე აქვს ოპოზიციონერის "ტიტული", საბედნიეროდ უკვე აღარ არსებობენ... თუმცა, მაინც გაურკვეველია, რა უნდა ნავალნის ბანაკიდან გამომძვრალ სობჩაკს, რომელიც თურმე კარგ ოჯახშია აღზრდილი, რასაც მისი მანერების მქონე ადამიანზე ნამდვილად ვერ ვიტყვით..." - წერს ლაიფ.რუ-ს ჟურნალისტი იგორ მალცევი.
ახლა რუსეთში არსებული, წინასაარჩევნოდ გახურებული პოლიტიკური პროცესები ასეთია - ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მეტოქეს, აქტიურ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ჯერჯერობით პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ აქვს, რადგან ამჟამად, უსანქციო დემონსტრაციებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის 20-დღიან პატიმრობას იხდის...
ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში პუტინი გულხელდაკრეფილი არ იჯდება და მოთმინებით აღვსილი არ უყურებს, თუ როგორ ყოველდღიურად იზრდება მისი ყველაზე რეალური კონკურენტის, ალექსეი ნავალნის რეიტინგი... რუსული მედიის თქმით ცხადია, მას რაღაც სათავისო სვლა მოფიქრებული ექნება, უბრალოდ, ჯერ ქვეყანაში მიმდინარე ფუსფუს აკვირდება და შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ქსენია სობჩაკისა და მისი ოჯახის მეგობარია. თუმცა, არც ის და არც მისი ორგანიზაცია - "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" - სობჩაკის 18 ოქტომბრის განცხადებას არ გამოხმაურებია, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ სობჩაკს დაუპირისპირდება, თუ ის მართლაც გადაწყვეტს პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაერთოს.
მისივე თქმით, კრემლს სობჩაკის სახით პრეზიდენტობის "კარიკატურული ლიბერალი კანდიდატის" შექმნა სურს, - ეს მმართველი ელიტისთვის მშვენიერი გამოსავალი იქნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ საბოლოოდ გადაწყდება, რომ ამ არჩევნებში ის მონაწილეობას ვერ მიიღებს.
საქმე ის არის, რომ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ ალექსეი ნავალნის არც ისე დამაიმედებელი პროგნოზი მისცა, - მას 2028 წლამდე არ ექნება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება...
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში ჩამოსულმა ქსენია სობჩაკმა, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, რა დროსაც, პუტინის მიმართ სიმპათიის დემონსტრაციულად გამოსახატად, მისი გამოსახულებიანი მაისური ეცვა...
ლალი პაპასკირი