თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, შესაძლოა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის "ეზო" გახდეს.
ეს გაუმართლებელი სამშენებლო პროექტი უდიდესი ისტორიის ქართული საფეხბურთო კლუბს, რომელსაც ამ შემოდგომაზე 92 წელი უსრულდება, საწვრთნელ ბაზას გაუნადგურებს. "დინამოსთვის" უმნიშვნელოვანესი საწვრთნელი ბაზა თბილისის შედარებით სუფთა ეკოლოგიურ ზონაში წლებია არსებობს. "დინამოს" ბაზა, მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბების საწვრთნელი ზონების მსგავსად, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და იზოლირებულია გარესამყაროსგან, სადაც ფეხბურთელებს ვარჯიშების ჩატარება ისე შეუძლიათ, რომ კონკურენტებმა ვერ ადევნონ თვალი. იდეალურადაა დაცული მათი უსაფრთხოებაც. თუმცა, მას "რკინა-ბეტონის ჯუნგლი" უახლოვდება, რომელმაც თბილისის არაერთი უბნის იერსახე მთლიანად გადახატა და მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქის ლანდშაფტი.
"დინამოსთან" 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე დავა 2012 წლიდან დაიწყო. ინვესტორებთან კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ მოლაპარაკებებიც გამართა, საინტერესო და მათთვის მომგებიანი წინადადებებიც კი შესთავაზა და ბოლოს სასამართლოსაც მიმართა. დავა დავად რჩება, კორპუსის 4 სართული კი უკვე აშენებულია.
დოკუმენტის თანახმად, 4-სართულიანი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო, შემდეგ, ინვესტორებმა არქიტექტურის სამსახურის თანხმობით ეს პროექტი შეცვალეს. მშენებლებმა მუშაობა ჯერ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეაჩერეს, თუმცა, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურმა თავისივე ნებართვას გადახედა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამის შემდეგ მშენებლობა განახლდა, მაგრამ მალევე შეჩერდა - ამჯერად სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლომ კორპუსის მშენებლობა, სავარაუდოდ, არ უნდა დაუშვას, რათა "ასთვალა" შენობის ფასადი "დამკვირვებლად" არ დაადგეს თავზე ფეხბურთელების საწვრთნელ ბაზას.
რომან ფიფიასთან ერთად, ბაზაზე კორპუსის "დაშენებას" ვეტერანი დინამოელები, მოქმედი ფეხბურთელები და რიგითი გულშემატკივრებიც აპროტესტებენ. კლუბის წარმომადგენლის, ლევან სალუქვაძის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზის მიკროკლიმატი დაირღვევა, სივრცეს არსებული ფუნქცია დაეკარგება და სპორტსმენები ვეღარ შეძლებენ ნორმალურად ვარჯიშს.
საფეხბურთო სამყაროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კონკრეტული სტანდარტები აქვს დაწესებული, რომლებიც უპირობოდ უნდა იყოს დაცული ფეხბურთელების წვრთნის პროცესში. "დინამოს" ბაზას ამ მხრივ აქამდე შენიშვნები არ მიუღია.
ბაზასთან კორპუსის აშენების წინააღმდეგია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი მშენებლობის წარმოებას კლუბისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტთან.
კლუბის მფლობელმა შპს "ბაუ ინვესტს" არაერთი წინადადებით მიმართა. მათ შორის, კორპუსის ნაცვლად სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების ინიციატივით, რომელიც, როგორც სპორტსმენებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს მოემსახურებოდა. რომან ფიფია ამ პროექტის ხარჯებში თანაბარი წილით შესვლასაც სთავაზობდა ბიზნესმენებს, თუმცა, გარიგება ვერ და არ შედგა.
მშენებლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ პროექტში უცხოელი ინვესტორები დებენ კაპიტალს. ზოგადად, უცხოური პირდაპირი ინვესტიცია სასარგებლო რომაა საქართველოს ეკონომიკისთვის, არაფერია სადაო. მიუხედავად იმისა, რომ "უცხოური ინვესტიციები" რეალურად ამ პროექტში არ ჩანს (თუმცა, არც შიდა ინვესტიციებია საზიანო ეკონომიკისთვის). საქმე არა ეკონომიკასთან, არამედ მოსალოდნელ ზიანთან და დისკომფორტთან გვაქვს, რომელსაც მშენებარე კორპუსი უქმნის კლუბის ბაზას. მითუმეტეს, რომ კორპუსების ასაშენებლად სხვა, ეკოლოგიურად არანაკლებ მიმზიდველი ადგილები თბილისში ჯერ კიდევ უხვადაა და პროექტის გადანაცვლება და ბაზასთან თუნდაც სავაჭრო ცენტრის აშენება (რომელიც 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს), საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნორმალურ დამატებით მოგებას მოუტანდა ინვესტორებს, თუნდაც სლოვაკ ბიზნესმენებს, რომლებიც ფორმალურად ირიცხებიან კორპუსის დამკვეთების კომპანიებში და გადაწყვეტილებების მიღებაში საერთოდ არ მონაწილეობენ. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელი პირის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, თუ კორპუსის ამ ადგილზე აშენება არ შეიძლება, ყოვლად დაუშვებელია?!
"დინამოს" მფლობელ რომან ფიფიას გრანდიოზული, არაკომერციული გეგმები აქვს საწვრთნელ ბაზასთან მიმართებით, რაც იმაზე ბევრად მეტ ინვესტიციას (მეტი ინვესტიცია = მეტ ფულს ბიუჯეტში) მოითხოვს, ვიდრე უსახური რკინა-ბეტონის ბაზასთან აშენებას სჭირდება. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კლუბის მფლობელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საფეხბურთო არენის აშენებას ისახავს.
ამდენად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქალაქის ამ "სავიზიტო ბარათზე" "თავდასხმიდან" მომდინარეობს, სპორტული საზოგადოების, გულშემატკივრების და ჩვეულებრივი მოქალაქეების საერთო სატკივარი და მწვავე პროტესტის საფუძველი უნდა გახდეს.