კომპანია "ბადაგონმა" ჩინეთში მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო, - აღნიშნული საკითხის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ, "საქპატენტის"თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა და ადვოკატმა დავით ასათიანმა ისაუბრეს.
მათი შეფასებით, "ბადაგონის" გამარჯვება ჩინეთში ზოგადად ქართული პროდუქციის ექსპორტისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბადაგონი" ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია ჩინეთის ბაზარზე. გასულ წელს, როდესაც "ბადაგონმა" ჩინეთის შესაბამის უწყებაში ბრენდის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა, აღმოჩნდა, რომ სასაქონლო ნიშანი "ბადაგონი" უკვე რეგისტრირებული იყო ჩინური კომპანიის სახელზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით. ამგვარი პრობლემის წინაშე დგას დღეს თითქმის ყველა ქართული კომპანია ჩინეთის ბაზარზე, რაც ქართული პროდუქციის ფასზე, რაოდენობაზე და ექსპორტთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე უარყოფით გავლენას ახდენს.
"კომპანია "ბადაგონმა" ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და ჩინურ კომპანიას რეგისტრაცია გაუუქმდა, თუმცა პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ პროცესის მოგებას დიდწილად შეუწყო ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქპატენტის მიერ მანამდე განხორციელებულმა არაერთმა ძალისხმევამ, რომელთა შორისაა ადგილწარმოშობის დასახელებების "მუკუზანის", "ტვიშისა" და "ჭაჭის" რეგისტრაცია (უკვე არაკეთილსინდისიერად რეგისტრირებული ჩინური კომპანიების მიერ). პროცესის წარმატებით დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასევე "ბადაგონის" ჩინელი პარტნიორის მაქსიმალურმა ჩართულობამ.
"ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი მოხდა. სულ ახლახანს ჩინეთის ინტელექტულური დაცვის ეროვნულმა ბიურომ ორწლიანი დავის შემდეგ ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სავაჭრო ნიშანი "ბადაგონი" ჩვენ დაგვიბრუნდა, როგორც კანონიერ მფლობელს. ჩინურმა კომპანიამ, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ღვინის ბიზნესთან, ბაზარზე ჩვენი გამოჩენისთანავე მოახდინა ჩვენი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია. დავიწყეთ დავა აღნიშნულ კომპანიასთან. იურისტების დიდი შრომით, სახელმწიფოს მყისიერი მხარდაჭერით და საქპატენტის ძალისხმევით მივედით იმ შედეგამდე, სადაც დღეს ვართ - ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის და ზოგადად ქართული ბიზნესისთვის. ასეთი ტიპის დარღვევებს შეუძლია გამოიწვიოს შეფერხებები მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც ნეგატიურად აისახება ექსპორტზე, რომელიც დღეს ასე მზარდია ჩინურ ბაზარზე - შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად და ყოველსაათობრივად იზრდება", - განაცხადა კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.
"დავას აწარმოებდა კერძო კომპანია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაში ჩვენ ჩავდეთ ბევრი მექანიზმი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ქართული ბიზნესი და უზრუნველვყოთ იმ სამართლებრივი ბერკეტების აღსრულება ჩინეთში, რომელთაც ჩინური კანონმდებლობა ითვალისწინებს. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა დავინახეთ მოლაპარაკებების შედეგი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა კომპანიებიც მოიპოვებენ გამარჯვებას", - განაცხადა "საქპატენტის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ.
"ბადაგონის" მიერ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ დავის მოგების საქმე ჩინეთის ბაზარზე პირველი პრეცედენტია ქართულ კომპანიებს შორის. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისა და საქპატენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრეცედენტი აუცილებლად შეუწყობს ხელს ქართული ბრენდების ამ უმსხვილეს ბაზარზე რეგისტრაციის გამარტივებას და შედეგად ქართული სოფლის მეურნეობისა თუ სხვა პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეუფერხებელ რეალიზაციას, რაც საბოლოო ჯამში, ქართული ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად აისახება.
R