ერაყის ქურთისტანისთვის ბაღდადის მიერ წაყენებული 24-საათიანი ულტიმატუმი, რომ "პეშმერგას" ნავთობით მდიდარი ქალაქი კირკუკი დაეტოვებინა, გუშინ ამოიწურა, რის შემდეგაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ერაყის სამთავრობო ძალები ქალაქში შევიდნენ.
ერაყელმა სამხედროებმა ადგილობრივი მთავრობის შენობები დაიკავეს და შენობებიდან ჩამოხსნეს ქურთული დროშები, რომლებიც ერაყის სახელმწიფო დროშებთან ერთად, იქ აპრილიდან ფრიალებდა.
დასავლური მედიის ცნობით, ერაყის არმიამ 16 ოქტომბრის დილიდან წამოიწყო საარტილერიო შეტევა ნავთობით მდიდარ კირკუკში განლაგებული ქურთების პოზიციებზე... ორშაბათ საღამოს ულტიმატუმის ვადა ამოიუწურა, - ერაყის ხელისუფლება ქურთისტანის სამხედრო შენაერთებისგან მოითხოვდა, დაეტოვებინათ კირკუკი, რაზეც "პეშმერგა" კატეგორიულ უარს აცხადებდა...
მოგვიანებით, ერაყმა ქურთები შიიტების მეჩეთზე თავდასხმაში დაადანაშაულა, სადაც მლოცველები იმყოფებოდნენ. სროლების დროს რამდენიმე მათგანი დაიღუპა. პასუხად, მათი მიმართულებით სამთავრობო ძალები გაგზავნეს... ახლო აღმოსავლეთში, რელიგიურ საფუძველზე სამხედრო მოქმედებების დაწყება, უკვე აპრობირებული მეთოდია, რომელიც ყველანაირ პოლიტიკურ და თუნდაც ნავთობის ომებს ამართლებს...
ერთი სიტყვით, ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთი, ახალი შეიარაღებული კონფლიქტის მომსწრე ხდება - კირკუკში ერაყის სამთავრობო ძალებს არ ეპუებიან "პეშმერგას" მეომრები, ქალაქში სროლები ისმის. საერთაშორისო ექსპერტების თქმით, ერაყის ქურთისტანში შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალია...
არსებული ინფორმაციით, ქურთისტანის სამხედრო შენაერთებმა მათ მიერ ადრე დაკავებული რაიონები დატოვეს და მათთვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს. "პეშმერგას" სამხედრო მეთაურის თქმით, "იმ შემთხვევაში თუ ერაყის "ხაშდ აშ შააბის" წევრები იქაურობას არ დატოვებენ, ისინი მათ "მთელი ძალით გასცემენ პასუხს".
ახლა ორივე მხარე შემდეგი ნაბიჯისთვის ემზადება და საკუთარი სამხედრო ტენქიკისა და შეიარაღების დემონსტრირებას ახდენს - ერაყის სამთავრობო ძალები და ერაყის ქურთისტანის "პეშმერგა" სრული შეტევისთვის ემზადებიან. "ისლამური სახელმწიფო" მოთმინებით ელოდება, როდის იფეთქებს ერაყის ქურთისტანში შეიარაღებული კონფლიქტი. ასე რომ, არც ბაღდადსა და არც ერბილს ომი არ უნდა, თუმცა, ის მაინც დაიწყო...
"პეშმერგას" გენერალური მდივნის, ჯაბარ იავარის ინფორმაციით, ვითარების განსამუხტად, ერაყის ქურთისტანში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ერაყის პრეზიდენტი ფუად მასუმი, რომელიც ქურთ ლიდერებთან შეხვედრას სულეიმანის პროვინციაში მართავდა. თუმცა, უშედეგოდ... თავის მხრივ, ბაღდადი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
რეალურად, ახლა ერთადერთი გამოსავალი არის უკანდახევა, ან რეფერენდუმამდელ ვითარებაში დაბრუნება... საერთოდაც, დასავლური მედია წერს, რომ კირკუკი, ერაყის ქურთისტანის შემადგნელობაში არასდროს შედიოდა, ამიტომაც ძალზედ ლოგიკურია, როდესაც ერაყი მის დაბრუნებას ყველა გზით ცდილობს. 2014 წელს "პეშმერგას" შესანიშნავი შანსი ჩაუვარდა ხელში, რათა ეს ქალაქი "ისლამური სახელმწიფოსგან" დაეცვა და ეს გააკეთა კიდეც, შემდეგ კი მისი კონტროლის პრეტენზიაც გაუჩნდა.
რამდენად გაართმევს თავს ამ ურთულეს ვითარებას ერაყის, თურქეთისა და ირანის პირისპირ დარჩენილი ერაყის ქურთისტანი, რომელსაც კიდევ ერთი, მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაცია, "ისლამური სახელმწიფოც" უპირისპირდება, მალე გაირკვევა. თუმცა, ქურთი ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ერაყის სამთავრობო ძალები არ აშინებთ და მზად არიან, "თავიანთი მიწა იარაღით დაიცვან..."
საერთაშორისო ექსპერტების თქმით, სულაც არ არის გამორიცხული დამოუკიდებლობასა და "დიდი ქურთისტანის" შექმნაზე მეოცნებე ერაყის ქურთებმა ის პოზიცია და ფინანსური დივიდენდებიც დაკარგონ, რაც რეფერენდუმამდე ჰქონდათ...
რუსული მედიის თქმით, ერაყში შექმნილი ვითარება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს არ უფრთხობს სიმშვიდეს, - ის ამერიკისთვისაც ახალი თავის ტკივილია. ამერიკა, აშკარად მხარს უჭერს ერაყს, "თუმცა, მისთვის არც ერაყელი ქურთებია შორეული, რომელსაც ვაშინგტონი ტრადიციულად ემხრობა - ამერიკელი ოფიცრები ორივე მხარესთან თანამშრომლობენ... ასე რომ, შექმნილ ვითარებაში ვაშინგტონი საგონებელშია, ვისი მხარე დაიჭიროს", - წერს რუსული პრესა.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე