სომხეთის საიდუმლო შეიარაღება - რა ჩაიფიქრა სარგსიანმა

სომხეთის საიდუმლო შეიარაღება - რა ჩაიფიქრა სარგსიანმა

სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 12 ოქტომბრის სამთავრობო სხდომაზე რუსეთისგან შეიარაღების კრედიტით შესყიდვის საკითხი განიხილეს. შეთანხების თანახმად, სესხი 20-წლიანი იქნება... ადგილობრივი მედიის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერევანის მოსკოვისგან იარაღს კრედიტით ყიდულობს, თუმცა, კონკრეტულად რისთვის სჭირდება სომხეთს კრედიტით ნაყიდი იარაღი, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება...

სომეხი ექსპერტების თქმით, ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც რუსეთი სომხეთის შეიარაღების მიმართულებით ახორციელებს... "ერთის მხრივ, რუსეთი რამდენიმემილიარდიან შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს, მეორე მხრივ კი, იარაღით ამარაგებს სომხეთს. როგორც თავად აცხადებს, ორივე სახელმწიფოსთან ბალანსს იცავს", - აცხადებს ექსპერტი გარნიკ გევორქიანი.

სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს კრედიტი არ სჭირდება, ის უბრალოდ, ყიდულობს შეიარაღებას... "განსხვავება იმაშია, რომ რუსეთი სომხეთს, ფორმალურად, სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს, აზერბაიჯანს - არა... კონკრეტულად, რა ტიპის შეიარაღებაში იხარჯება სომხური კრედიტები, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ღიად არ საუბრობს...

"ჩვენი პოლიტიკური ექსპერტები შიშობენ, რომ უახლოეს ხანებში, შესაძლოა, რუსეთის პრესაში გავრცელდეს იმ შეიარაღების ჩამონათვალი, რომელიც თურმე კრედიტით შევიძინეთ, მაგრამ რაში გვჭირდება, არავინ გვიხსნის... ისე, როგორც ადრე, როდესაც 200 მილიონი დოლარიანი კრედიტით შეიძინა სამხედრო ტექნიკა, რომლის სიაც შემდეგ რუსულ მედიაში წავიკითხეთ და რომელიც სომხურმა მხარემ მიიღო." - აცხადებს გევორქიანი და დასძენს, რომ 200 მილიონიანი კრედიტი, რომელიც სომხეთმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ აიღო, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს დაფარული.

სომეხი ექსპერტებისა და მედიის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ სომხეთი, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, ყველაფერს ასაიდუმლოებს... მათივე თქმით, აზერბაიჯანისთვის ეს შენაძენი პროპაგანდის თემაა, სომხეთისთვის კი უფრო რუსეთის პროპაგანდა...

საქმე ის არის, რომ სომხეთი, რომელსაც ძალიან მწვავე ეკონომიკური პრობლემები აქვს, ყოველწლიურად აუმჯობესებს შეიარაღებას... სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერევანი სამხედრო ტექნიკის ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს. თუმცა, რა აქვს გეგმაში, საიდუმლოდ რჩება, მით უფრო, რომ ბოლოს ხანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხზე უცნაური პოზიციები იკვეთება.

16 ოქტომბერს, ჟენევაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა - ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პრევენციისთვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელებაზე ისაუბრეს. აზერბაიჯანელი ექსპერტების თქმით, ეჭვებს აჩენს ის, რომ ორივე პრეზიდენტმა კონფლიქტის გარშემო ძალიან ცოტა ისაუბრა, რაც ადრე არ ყოფილა. ბოლო ხანებში პერიოდულად ვრცლდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ რუსეთისა და მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრები.

აზერბაიჯანული მხარის თქმით, შესაძლოა, მხარები აპრილში არსებულ ვითარებას დაუბრუნდნენ, თუმცა, რომელი მხარე რა დათმობის ფასად, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ცნობილია ერთი რამ, ორივე მხარე რუსეთისგან ნაყიდი ტექნიკით აქტიურად იარაღდება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE