ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკო-ს ტოვებს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. ეს გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის შეშფოთებას იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების საჭიროებით და ანტი ისრაელური მიკერძოებულობით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰეზერ ნაუერტმა.
გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.
იუნესკო-ს გენერალურმა მდივანმა ირინა ბოკოვამ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.
აშშ-ის შემდეგ "იუნესკოდან" გასვლას ისრაელიც გეგმავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს "იუნესკოდან" გამოსვლა ამერიკასთან ერთად. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მანამდე კი, ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა კარმელ შამა-კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ქვეყანამ ამერიკის მაგალითს უნდა მიბაძოს და საერთაშორისო ორგანიზაციის რიგები დატოვოს.