ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, იზრდება. ტელეკომპანია "სიენენის" ინფორმაციით, იმ ქალთა შორის, რომელზეც ვაინშტაინმა სექსუალური ძალადობა სცადა, გვინეთ პელთროუ და ანჯელინა ჯოლიც არიან.
პელთროუს განცხადებით, 22 წლის იყო, როდესაც ვაინშტეინმა ჯეინ ოსტინის რომანის "ემა" გადასაღებად მიიწვია. მსახიობის თქმით, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, პროდიუსერმა სასტუმრო "ბევერლი ჰილსში" საკუთარ ნომერში დაპატიჟა.
პელთროუ იხსენებს, რომ შეხვედრის ბოლოს პროდიუსერი მას ხელით შეეხო და შესთავაზა, საძინებელში გასულიყვნენ მასაჟისთვის. გვინეთმა ვაინშტაინს უარი უთხრა და სასწრაფოდ დატოვა სასტუმრო, ეს ყველაფერი კი მაშინდელ მეგობარს, ბრედ პიტს უამბო. "სიენენის" წყარო ადასტურებს, რომ ბრედ პიტსა და ჰარვი ვაინშტაინს საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდათ და პიტმა პროდიუსერს მოსთხოვა, "ეს არასოდეს განმეორებულიყო".
ჰარვი ვაინშტაინი
ვაინშტაინის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს ანჯელინა ჯოლიც. მან განაცხადა, რომ პროდიუსერმა მასაც შესთავაზა სექსი 1990-იანების ბოლოს, რაზეც მსახიობისგან უარი მიიღო.
"ცუდი გამოცდილება მქონდა ჰარვი ვაინშტაინთან ახალგაზრდობაში. გადავიწყვიტე, არასოდეს მემუშავა მასთან და სხვებიც გამეფრთხილებინა. ეს საქციელი ქალების მიმართ არცერთ სფეროსა და არცერთ ქვეყანაში მისაღები არ არის," - განაცხადა ჯოლიმ.
გუშინ ჟურნალმა New Yorker-მა 2015 წლის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ვაინშტაინი იტალიელ მსახიობს ამბრა გუტიერესს აბაზანაში შეყოლას თხოვს. ჩანაწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პროდიუსერი ცოლმა, ჯორჯინა ჩეპმენმა მიატოვა.
ამას გარდა, კიდევ სამმა ქალმა ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.