წმინდა სინოდმა რამდენიმე საკითხი განიხილა, ერთ-ერთი მეუფე სერაფიმეს საკითხი იყო, ასევე მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების აღდგენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ განუცხადა.
მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. მიტროპოლიტის თქმით, მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ რომელიმე მონასტერში წავიდეს, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება.
"მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ მე არ მინდა ეს აყალმაყალი და მშვიდად წავალ მონასტერშიო. აქამდე ათონზე იყო და კიდევ რამდენიმე მონასტერში", - განაცხადა მეუფე იოანემ.
მისივე თქმით, ამ მომენტისათვის უცნობია, თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს მეუფე სერაფიმე, ამას იგი თავად გადაწყვეტს.
რაც შეეხება მეუფე ექვთიმეს საკითხს, მიტროპოლიტმა იოანემ საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო.