სოხუმის ყოფილი მერის გურამ გაბესკირიას ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გურამ გაბესკირიას შვილმა ვლადიმერ გაბესკირიამ დაუდასტურა.
როგორც ვლადიმერ გაბესკირია ამბობს, ცხედარი თბილისში გადმოსვენებულია.
"გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ იდენტიფიცირებულია გურამ გაბესკირიას ცხედარი. ხვალ ვართ დევნილთა სამინისტროში მინისტრთან დაბარებული. დეტალები ხვალ მეცოდინება. როგორც მაქვს ინფორმაცია, ცხედარი უკვე გადმოსვენებულია", - განაცხადა ვლადიმერ გაბესკირიამ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასევე იდენტიფიცირებულია მამია ალასანიას ცხედარიც, ამის შესახებ ალასანიების ოჯახი ინფორმირებული არ არის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მამია ალასანიას რძალმა, ნათია ფანჯიკიძემ განუცხადა, მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.