გაზსაცავს, როგორც ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, არაერთი ქვეყანა აშენებს.
ამჟამად მსოფლიოში 700-მდე გაზსაცავია, აქედან ორი - აზერბაიჯანში, ხოლო ერთი - სომხეთში. საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მსჯელობენ, მაგრამ ეს იდეა მხოლოდ 21-ე საუკუნეში გახდა რეალური, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნით ქვეყანას სტრატეგიული მარაგები უნდა ჰქონდეს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და 4 წელიწადში დასრულდება. მიწისქვეშა საცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ია. კორპორაციაში აცხადებენ, რომ გაზის მიწისქვეშა საცავის არსებობით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთი-ორად ამაღლდება. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავის აშენება ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ საქმეზე კრედიტით აღებული სოლიდური თანხის დახარჯვა არ ღირს. მათი აზრით, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაზსაცავის აშენებასთან ერთად სამომხმარებლო ტარიფიც გაძვირდება.
ამ საკითხზე "ბიზნესპრესნიუსი" ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ანზორ ჭითანავას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანას ასეთი საცავი ნამდვილად სჭირდება:
- ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიგვეღო, მაგრამ ნათქვამია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ასეთი გაზსაცავი სომხებსაც აქვთ და აზერბაიჯანელებსაც. ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსაყენებელი ბუნებრივი აირი. ზამთარში, რაღაც მიზეზის გამო ბუნებრივი აირის მოწოდება თუ შეწყდება, მოსახლეობა და საწარმოები სწორედ ამ გაზსაცავმა უნდა მოამარაგოს. ვერ გამოვრიცხავ, რომ ტარიფი გაიზარდოს, რადგან ტარიფების მატებას ვერავინ შეაჩერებს, ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ის არის, რომ მოსახლეობა გადახდისუნარიანი გახდეს. ყველა ქვეყანაში იზრდება ხელფასი, პენსია და ხალხი გადასახადებსაც უპრობლემოდ იხდის. კომუნალურ გადასახადებში ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის 49-50%-ს ხარჯავს, მაგრამ რაც რჩებათ, მათი ნორმალური ყოფისთვის სავსებით საკმარისია.