ვაზის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა ინტეგრირებულ კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ვაზის ინტეგრირებული დაცვის სისტემა არის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომელშიც შედის აგროტექნიკური, სელექციური, ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ბიოტექნიკური დაცვის მეთოდები. ამ ქმედებების საბოლოო მიზანია ქიმიურ წამლობათა რაოდენობის შემცირება და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეკონომიკური და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაზრდა.
აგროტექნიკური მეთოდის მიზანია, შექმნას დაავადებათა გამომწვევი პათოგენებისა და მავნებლების განვითარებისათვის - არახელსაყრელი, ხოლო დასაცავი მცენარისთვის ხელსაყრელი პირობები. აგროტექნიკური მეთოდი გულისხმობს შესაბამის ვადებში ჩასატარებელ ღონისძიებებს: ნიადაგის დამუშავებას, სხვლას, ზედმეტი ყლორტების და ნამსხრევების შეცლას, ყლორტის შეჭრას, დროულად „ცის გახსნას“, სასუქების სწორად გამოყენებას, სარეველების მოსპობას, მოსავლის აღების ვადების ზუსტ დაცვას, ნარჩენების მოსპობას და ა.შ.