ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი ექსპერტი აბესაძის საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებას ითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა მერიის ყოფილი თანამშრომელის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს უკვე აქვს აბესაძის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა, სადაც ექსპერტი დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ეს არ არის სრულყოფილი დასკვნა, ვინაიდან თვითონ ექსპერტმა მოითხოვა მისი უფრო სრული გამოკვლევა, ანუ საექსპერტო დაწესებულებაში მისი დაწვენა. შესაბამისად, ჩვენი შუამდგომლობა იქნება დღეს, ამ ექსპერტიზის გაცნობასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვა, რადგან ექსპერტიზის შინაარსზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ასევე, ვინაიდან ამ პირველადი დასკვნითაც ოთარ აბესაძის მდგომარეობა არის მძიმე, მოვითხოვთ სასამართლო პროცესების გადადებას, ვიდრე არ გვექნება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ადვოკატის თქმით, თუკი მოსამართლე მათ შუმადგომლობას არ დააკმაყოფილებს და პროცესს არ გადადებს, ამ შემთხვევაში პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგება.