"საბა კონსტრაქშენმა" ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა

"საბა კონსტრაქშენმა" ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა

შპს "საბა კონსტრაქშენმა" თბილისში, საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაასრულა.

N61 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები წელიწადი და ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი დამკვეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იყო.

თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობის მოწყობა 2016-2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 6 961 370 ლარი დაჯდა. სკოლა დაახლოებით 1200 მოსწავლეზეა გათვლილი, მისი ტერიტორიის საერთო ფართი 3 817 მ2– ია, შენობის საერთო ფართობი კი – 7 361,5მ2 .

როგორც მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, სკოლა საბურთალოს რაიონის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ უბანს მოემსახურება და შესაბამისად, მშენებლობაც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.

ლევან თარგამაძე (შპს "საბა კონსტრაქშენის" დირექტორი): "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია სულ რაღაც ხუთი წლის წინ შემოვიდა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, ამ ხნის განმავლობაში, სხვა დიდ პროექტებთან ერთად უკვე მოვასწარით რამდენიმე საჯარო სკოლის აშენება. თუმცა, სხვა სკოლების პროექტებისაგან განსხვავებით 61-ე საჯარო სკოლა მაინც გამორჩეულია. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3-სართულიანი შენობა, აღჭურვილი გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით".

პროექტის მიხედვით, მიწისქვედა სართულზე სკოლის სამზარეულო, პერსონალის გარდერობი, საკვანძეები, ასევე ტექნიკური სათავსოები და სასაწყობე ფართი განლაგდა. პირველ სართულზე, I-დან VI კლასების კლას-კაბინეტები, ასევე ადმინისტრაცია, ექიმის კაბინეტი და 193-ადგილიანი სასადილო. მეორე სართულზე V-VI კლასების კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და სააქტო დარბაზი. მესამე სართულზე განთავსებულია VII-XII კლასების კაბინეტები და ასევე სპორტული დარბაზი გასახდელებით და საშხაპეებით.

"მართკუთხედის ფორმის შენობას აქვს შიდა ეზო, ხოლო გარედან აღჭურვილია ლითონის საევაკუაციო კიბეებით. მიწისქვედა სართულის ფასადი ბუნებრივი ტრავენტინით, ხოლო იატაკი - კერამიკული ფილით მოპირკეთდა. პირველი და მეორე სართულების დონეზე ფასადი ვენტილირებადი პანელებით დაიფარა. სასწავლო სივრცის იატაკები ვინილითაა მოპირკეთებული, ხოლო სპორტულ დარბაზში დიდ დატვირთვაზე გათვლილი ვინილია გათვალისწინებული. სკოლა რბილი სახურავით გადაიხურა. ცენტრალური კარები, ფანჯრები და ვიტრაჟები ალუმინის ჩარჩოთი დამზადდა, ჩაისვა ნაწრთობი მინა", – აცხადებს თარგამაძე.

სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.

"მოეწყო პანდუსები და ლიფტი მთავარ და ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე სასწავლო ტექნიკით. შენობის არქიტექტურაც იმდენად გამორჩეულია, ერთი შეხედვით იმის წარმოდგენაც ძნელია, რომ ეს საჯარო სკოლის შენობაა და ის თბილისის ცენტრში დგას. თუმცა, ეს რეალობაა და ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ თავისი მოკრძალებული წვლილი ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში ჩვენს კომპანიასაც მიუძღვის", – აცხადებს ლევან თარგამაძე.

61-ე საჯარო სკოლის ახალი შენობის გახსნას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის წარმოადგენლები დაესწრნენ: დავით ნარმანია (თბილისის მერი) ; ლევან გოგიჩაიშვილი (პარლამენტარი) ; გენადი მარგველაშვილი, (განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე).

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი