თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში აშშ-ს გენერალური საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულ მეთინ თოფუზს ბრალდება კონსტიტუციის დარღვევის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაყენების მცდელობის გამო წაუყენეს.
გამოძიების თანახმად, მეთინ თოფუზი პოლიციის ხელმძღვანელებს უკავშირდებოდა, რომლებიც, თავის მხრივ, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციაზე მუშაობდნენ.
2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას 250 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალურმა ანკარამ ფეთჰულაჰ გიულენს დასდო ბრალი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.