საგანმანათლებლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. ჯობია, არ იჩქაროთ!
დედაჩემს 22 წლის ასაკში უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - გავხდე ეკონომისტი - უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინება და ათასგვარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ კავკასიის (და, შესაძლოა, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის) მოსახლეობის უნიკალური ხვედრი იყო. ამიტომ გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ სხვა, ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც უწევთ ახალგაზრდებს "სპეციალობის" ნაადრევად არჩევა.
31 წლის ფილიპი ნიდერლანდების ტილბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. მან თავისი ცხოვრების 15 წელი სხვადასხვა პროფესიულ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს მოახმარა და აღმოაჩინა, რომ ცხოვრებაში სულ სხვა, უკეთესი რამის კეთება უნდა...
ფილიპის ამბავი სანკტ-პეტერბურგში გავიგე, სადაც ერთმანეთს საზაფხულო სკოლაში შევხვდით. 12 წლის ასაკში, როგორც ყველა ჰოლანდიელმა ბავშვმა, მანაც ჩააბარა უნარ-ჩვევების ტესტი, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის საგანმანათლებლო პროგრამებში შეუძლია ბავშვს მონაწილეობის მიღება. ფილიპს გამორჩეული შესაძლებლობები არ ჰქონდა და ამიტომ არჩევანიც შეზღუდული ჰქონდა: დაბალი ან საშუალო დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (VMBO ან HAVO, ჰოლანდიურ ჟარგონზე). ის ორი წლის განმავლობაში გადიოდა HAVO-ს, მაგრამ ჩამოაქვეითეს და VMBO-ზე გადაიყვანეს. 16 წლის ფილიპს, რომელსაც VMBO დიპლომი ჰქონდა, კვლავ მცირე არჩევანი ჰქონდა - HAVO-ს მეოთხე კურსი ან პროფესიული კოლეჯი. მან მეორე აირჩია და აღმოაჩინა, რომ მანქანების გაყიდვა უნდა ესწავლა (პროგრამის ოფიციალური სახელწოდება იყო "გაყიდვების მენეჯერი"). ოთხი წლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, გადაწყვიტა ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო და ბაკალავრის ხარისხი მიეღო ("მცირე და საცალო ბიზნესის მართვაში") ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში. კიდევ ოთხი წლის და მათემატიკის უნარის გაუმჯობესებაში ჩადებული დამატებითი ინვესტიციის შემდეგ, ფილიპი ჩირიცხა კვლევით უნივერსიტეტში. მან 25 წლის ასაკში დაიწყო ტილბურგის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა. ახლა ის 31 წლისაა და მალე მაგისტრის ხარისხით დაასრულებს უნივერსიტეტს.