საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.
"საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება ესპანეთის სამეფოში მშვიდობიანად დარეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და სამართლის პრინციპების სრული დაცვით", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC-ის რეგიონული ხელისუფლების ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განუცხადა.
მისივე თქმით, კატალონიის მთავრობა "ზომებს ამ კვირის ბოლოს ან შემდეგი კვირის დასაწყისში მიიღებს".
კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს მისი მთავრობა ესპანეთის ჩარევის შემთხვევაში, პუჩდემონმა უპასუხა, რომ "ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის". მისივე განცხადებით, ახლა ოფიციალურ მადრიდს და ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის არანაირი კონტაქტები არ არის.
გუშინ კატალონიაში მიტინგები გაიმართა, რომლებშიც 700 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ რეფერენდუმის დღეს ესპანური პოლიციის მოქმედებები გააპროტესტეს.
გუშინ ესპანეთის მოსახლეობას ქვეყნის მეფემ, ფელიპე VI-მ მიმართა და კატალონიის ხელმძღვანელობის ქმედებებს უკანონო უწოდა.
"ჩვენ დემოკრატიული პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამგვარად, იმ ესპანეთის შემადგენლობაში, რომელიც იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ გვსურს, იქნება კატალონიაც", - განაცხადა ფელიპე VI-მ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს.